პროექტის „თსსუ-ის ელჩები“ ფარგლებში თსსუ ვანის N2 საჯარო სკოლას ესტუმრა

პროექტის „თსსუ-ის ელჩები“ ფარგლებში თსსუ ვანის N2 საჯარო სკოლას ესტუმრა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს თსსუ ვანის #2 საჯარო სკოლას ეწვია და  სკოლის მოსწავლეებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა. 

თსსუ-ის სტუმრობამ სკოლაში იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ  პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგზე დასასწრებად მოსწავლეთა ნაკადი ორ ჯგუფად განაწილდა.

ტრენინგს, რომელსაც თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ინსტრუქტორები და თსსუ-ის სტუდენტები უძღვებოდნენ,  სკოლის 100 - მდე მოსწავლე დაესწრო.  

ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს. შეისწავლეს CPR-ის (გულ-ფილტვის რეანიმაცია) საფუძვლები, ტრავმის შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების პრინციპები, უსაფრთხო გარემოს შეფასება და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების გეგმა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული ტრენინგის დროს ინსტრუქტორების დახმარებით განეხორციელებინათ მულაჟებზე და მანეკენებზე სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა და შეფასება. მოსწავლეები მულაჟების დახმარებით დაეუფლნენ უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკას, გაეცნენ სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების წესებს (ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმი, გადაუდებელი დახმარების ჩატარება სისხლდენების და ტრავმების დროს და  ნახვევების  დადება).

შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ  ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. პირველადი გადაუდებელი დახმარების საფუძვლების შესწავლის სურვილი გამოთქვეს ვანის #2 სკოლის პედაგოგებმაც. 

‘’თსსუ-ის ელჩები’’ ეს არის პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის.  ‘’თსსუ-ის ელჩების’’ მიზანია სკოლის მოსწავლეებს (IX-XII კლასები) გააცნოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიაწოდოს ინფრომაცია თსსუ-ის ფაკულტეტების შესახებ, გააცნოს მედიცინის და ჯანდაცვის სფეროს პროფესიები, რათა სკოლის მოსწავლეებმა ინფრომირებული გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევის დროს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს აამაღლოს მოსწავლეებში ცნობიერება ჯანმრთელობის, ჯანდაცვის და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

თსსუ-ისა და ვანის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მეგობრობა გრძელდება. პროექტის ‘’თსსუ-ის ელჩები’’ ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვნენ თსსუ-ის კონკურსში: ‘’ჩემი თვალით დანახული თსსუ’’. კონკურსის პირობები ასეთია: სკოლაში სტუმრობიდან 10 დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილე მოსწავლეები თსსუ-ში გამოაგზავნიან  ნამუშევრებს. ფორმატი შეზღუდული არ არის. ნამუშევარი შესაძლოა იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი/ავტორები თსსუ-ის ელჩის/ელჩების სტატუსს მიიღებს/მიიღებენ. კონკურსის შედეგად შერჩეული თსსუ-ის ელჩები აქტიურად ჩაერთვებიან საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.