პროფესორ შალვა თოიძის ბიუსტის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ შალვა თოიძის ბიუსტის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტში გაიხსნა პროფესორ შალვა თოიძის ბიუსტი.

საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია;  კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლიანა კიკალიშვილმა. მან გაიხსენა პროფესორი შალვა თოიძე, ისაუბრა მის ცხოვრებასა და პროფესიულ ღვაწლზე, აღნიშნა, რომ მაღალი რანგის მეცნიერი ამავდროულად უზადო პედაგოგი იყო, რაც ასე იშვიათად არის ხოლმე ჰარმონიულად შერწყმული ადამიანებში.

პროფესორმა შალვა თოიძემ არაერთი სახელოვანი ექიმის აღზრდას დასდო ამაგი. ყველა მისი ნამოწაფარი დიდი სიყვარულით იხსენებს ამაგდარ პედაგოგს. განსაკუთრებულად გაიხსენეს მისი ღვაწლი ყოფილმა მოწაფეებმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ქირურგიულ დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ილია ჭანუყვაძემ.

ღვაწლმოსილი პედაგოგი გაიხსენა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებას შორიდან მიესალმა პროფესორი მერაბ იზრაელაშვილი (სარელი). მან სიყვარულით სავსე წერილი გამოაგზავნა ისრაელიდან, სადაც აღნიშნა ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილების შესახებ - სამომავლოდ, მადლიერების ნიშნად, ისრაელში არსებულ ,,იად ვა შემ~-ის (,,ხსოვნა და სახელი~) მუზეუმის მსოფლიოს სასახელო პიროვნებათა ხეივანს აღიარებული ქართველი მედიკოსის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ხე შეემატება.

ბიუსტის გახსნას ესწრებოდნენ პროფესორ შალვა თოიძის შვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის რექტორი, ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი, აკად. პ.სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის სამეცნიერო ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი ექიმი ოთარ თოიძე და შვილთაშვილები. მათ არაერთი თბილი სიტყვა მოისმინეს საამაყო წინაპრის შესახებ და, როგორც ბატონმა ოთარ თოიძემ აღნიშნა, მადლიერებით აღვსილებმა დატოვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.