პროფესორ თინათინ ტყემალაძის ვიზიტი იშვიათი დაავადებების  IV  საერთაშორისო კონფერენციაზე

პროფესორ თინათინ ტყემალაძის ვიზიტი იშვიათი დაავადებების IV საერთაშორისო კონფერენციაზე

2022 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში (ავსტრია) ჩატარდა იშვიათი დაავადებების IV საერთაშორისო კონფერენცია (RARE2022). ღონისძიებას ესწრებოდნენ იშვიათი დაავადებების დარგში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გენეტიკური ლაბორატორიების წამომადგენლები. კონფერენცია  ეხებოდა ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული სირთულეები, მათი  მონიტორინგი, მონაცემთა ბაზები, მთლიანი გენომის სექვენირების მნიშვნელობა, სკრინინგის სტრატეგიები, ინოვაციური თერაპია და პერსონალიზებული მედიცინა.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორის, იერუსალიმის შაარე ზედეკის კლინიკის დირექტორის, პროფესორ არი ზიმრანის ინიციატივით, თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე პლენარულ მომხსენებლად იყო მიწვეული აღნიშნულ კონფერენციაზე,  სადაც იგი გამოვიდა თემით „იშვიათი დაავადებები საქართველოში“ და ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და დარგში არსებულ სირთულეებზე.  

ვიზიტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე კოლაბორაციულ პროექტს ისრაელის და სხვა ქვეყნების კვლევით ცენტრებთან, ხოლო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს მორიგი შეხვედრის საქართველოში ჩატარებას.