პროფესორ ბესიკ იაშვილის წიგნის „თერმული დაზიანებები და პლასტიკური ქირურგია“  პრეზენტაცია

პროფესორ ბესიკ იაშვილის წიგნის „თერმული დაზიანებები და პლასტიკური ქირურგია“ პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია" მოეწყო პროფესორ ბესიკ იაშვილის წიგნის „თერმული დაზიანებები და პლასტიკური ქირურგია“  პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში დამწვრობის ცენტრისა და კომბუსტიოლოგიური დარგის ჩამოყალიბების 45 წლისთავს და მისი დამაარსებლის – პროფესორ ბესიკ იაშვილის 62 წლიანი საექიმო მოღვაწეობის აღნიშვნას.

პრეზენტაციას დაესწრნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორ ბესიკ იაშვილის კოლეგები და მრავალრიცხოვანი მოწაფეები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა ამაგდარ ქირურგს ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი მოღვაწეობისათვის. მის გაწეულ შრომას ფასდაუდებელი უწოდა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და აუდიტორიას  აცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონ ბესიკს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

განსაკუთრებული მადლიერებითა და პატივისცემით მოიხსენია პროფესორ ბესიკ იაშვილის წვლილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და აღნიშნა, რომ მისი კომპეტენცია და გამოცდილება კვლავაც სჭირდება მომავალ თაობას. მისი წიგნი უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია ყველა სამედიცინო მიმართულების სპეციალისტისა თუ სტუდენტისათვის.  მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით გადასცა სიმბოლური საჩუქარი ღვაწლმოსილ პროფესიონალს.