პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის იუბილეზე ჩამოსული ევროპელი სტუმრების შეხვედრა თსსუ–ის რექტორთან

პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის იუბილეზე ჩამოსული ევროპელი სტუმრების შეხვედრა თსსუ–ის რექტორთან

2014 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ევროპელი სტუმრები მიიღო, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში ცნობილი ქართველი მეცნიერის, ბიძინა ჭუმბურიძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე და  II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,ფარმაცევტული მეცნიერებები XXI საუკუნეში” დასასწრებად.

პროფესორი ფრანცისკო მაციასი (ესპანეთი), პროფესორი ვასილიოს როუსისი (საბერძნეთი), პროფესორი ჰერმან სტუპნერი (ავსტრია), პროფესორი ვაცლავ ოლეშეკი (პოლონეთი), ასოცირებული პროფესორი ადამ მატკოვსკი (პოლონეთი) და პროფესორი პასკალ რასელოტი (საფრანგეთი) დიდი ინტერესით უსმენდნენ თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელმაც მოკლე ექსკურსი ჩაუტარა  ისტორიაში სამედიცინო ფაკულტეტის შექმნიდან მოყოლებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად ჩამოყალიბებამდე. შეეხო ფარმაციის დარგის  განვითარების საკითხს საქართველოში, ხაზი გაუსვა იმ ღვაწლს, რომელიც პროფესორმა ბიძინა ჭუმბურიძემ დასდო ფარმაციის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

ცხადია, მიღებაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იუბილარი მეცნიერი – პროფესორი ბიძინა ჭუმბურიძე გახლდათ. როგორც მან ბრძანა, ძალიან ბედნიერი იყო, რომ ასეთი პატივისცემით აღნიშნავს თსსუ მისი დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. მან მადლობა მოახსენა რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუმრებს.

     

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, პროფესორი დალი ბერაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და უფროსის მოადგილე  ირინა კაპეტივაძე.

როგორც პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა,  II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ფარმაცევტული მეცნიერებები XXI საუკუნეში” ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, რადგან ღვაწლმოსილ მეცნიერს, პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძეს ეძღვნება. „თქვენ განსაკუთრებული ხართ, – ასე მიმართა პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა იუბილარს, – ამიტომაც გვინდა ეს სამეცნიერო კონფერენცია განსაკუთრებული იყოს, გვინდა ისე დაგაფასოთ, როგორც გეკუთვნით... ეს არ იქნება იოლი“.

სტუმრები დაინტერესდნენ თსსუ–ის პარტნიორი უნივერსიტეტებით, ისაუბრეს საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. როგორც შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, ისინი ძალიან  კმაყოფილები დარჩნენ ამ თბილი დახვედრით, დაგეგმილი კონფერენციის თემატიკის ფართო სპექტრითა და სამეცნიერო მნიშვნელობით.