პროფესორ ელეს ვანდერ ლოუს ლექციები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ ელეს ვანდერ ლოუს ლექციები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ორდღიანი ვიზიტით ეწვია ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების წევრი, როტერდამის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური ნუტრიციოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ელეს ვანდერ ლოუ (ჰოლანდია). ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციის მოწვევით, ორი დღის განმავლობაში წაიკითხავს ლექციებს კეტონური დიეტის შესახებ.

აუდიტორიას მიესალმა და პროფესორი ელეს ვანდერ ლოუ წარადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა.  მან აღნიშნა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა კლინიკის ცხოვრებაში: „ჩვენთვის ტრადიციად იქცა, რომ თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტი ატარებს კონფერენციებს უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. პროფესორი ელეს ვანდერ ლოუ მოგვახსენებს ფრიად აქტუალური ნევროლოგიური თერაპიის სტრატეგიის, კეტონური დიეტის, შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს ლექცია ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ექიმებისა და სტუდენტებისთვის“.

ბავშვთა ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორმა, ნანა გელაძემ ისაუბრა პროფესორ  ელეს ვანდერ ლოუს ლექციის თემის აქტუალურობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ კეტონური დიეტა ძალიან ეხმარება მკურნალობის პროცესს, განსაკუთრებით ბავშვთა გენერალიზებული ეპილეპსიების დროს.

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებს, ლექციაზე დამსწრე სტუდენტებს მიესალმა პროფესორი ელეს ვანდერ ლოუ, რის შემდეგაც აუდიტორიას თემასთან დაკავშირებული მიმოხილვა წარუდგინა თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა სოფიო ბახტაძემ.

შემდეგ კი აუდიტორიამ დიდი ინტერესით მოისმინა პროფესორ ელეს ვანდერ ლოუს ლექცია, რომლის დასრულებისთანავე აქტიური დისკუსია და თემის განსჯა გაიმართა.