2024 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,Transforming PTSD care: innovative approaches and incentives for research and clinical care".
ლექცია წაიკითხა ლეიდენის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ერიკ ვერმეტენმა.
შეხვედრის დაწყებამდე, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ერიკ ვერმეტენს საზეიმოდ გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი (პროფესორ ერიკ ვერმეტენს 2024 წლის 20 სექტემბერს თსსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება).
,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს ლეიდენის უნივერსიტეტთან და პროფესორ ერიკ ვერმეტენთან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება“,- განაცხადა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ლექციაზე პროფესორმა ვერმენტერმა სტუდენტებს, რეზიდენტებს და დარგით დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნო და ესაუბრა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მიმართულებით არსებულ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა პოსტტრამვული სტრესული აშლილობა.
,,მოსახლეობის ზოგად მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია, მენტალურად ჯანმრთელი ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადოება უფრო პროდუქტიული და წარმატებულია. ბოლო წლების განმავლობაში მეტად აქტუალური გახდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხი, რასაც მნიშვნელოვანწილად ცხოვრების დაძაბული რიტმი, სწრაფად ცვალებადი გარემო და მიმდინარე კონფლიქტები განაპირობებენ. შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობა და ჩვენს ცხოვრებაზე მისი გავლენის გააზრება უაღრესად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ლექციაზე პროფესორმა ერიკ ვერმენტერმა.
შეხვედრაზე ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა აღწერა სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები, წარმოადგინა მისი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეგროვებული საინტერესო და უნიკალური აუდიო და ვიზუალური მასალა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა.