2024 წლის 12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო ექსპერტი, სკრინინგის პროგრამის კომიტეტის დირექტორი პიემონტეს (იტალია) რეგიონში, პროფესორი კარლო სენიორე.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი კარლო სენიორე პროექტის -,,საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მიზნობრივი მოსახლეობისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ქცევითი დამოკიდებულების შესწავლა სკრინინგის არსისა და საჭიროების მიმართ“ საერთაშორისო მრჩეველია. ამ პროექტის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს, კი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2022 წლიდან წარმოადგენს.
თსსუ-ში ვიზიტისას კარლო სენიორე შეხვდა თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აშშ-ის ძუძუს კიბოს კოალიციის (NBCC) და ევროპა დონნას (EUROPA DONNA) წევრი თინა ბერუჩაშვილი; თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, სტრატეგიული აქცენტები გაკეთდა ონკოდაავადებათა პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, სკრინინგის პროგრამაში თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების აქტიურ მონაწილეობასა და კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების და მკურნალობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სასწავლო კურსების განხორციელებაზე.