პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი გერმანიაში

პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 20-25 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, სტომატოლოგიური კორპორაცია Ultradent-ის მიერ ორგანიზებულ ლექციათა ციკლზე და მასტერ-კლასზე (Hands-on) დასასწრებად. კომპანია მსგავსი სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს სისტემატურად ახორციელებს ეგიდით Ultradent University.

მასტერ-კლასს წინ უძღვოდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო რესტავრაციული ოდონტოლოგიისა და კლინიკური ენდოდონტიის უახლესი მიღწევები.

პროფესორ მარინა მამალაძის განცხადებით, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ახალი სარესტავრაციო სისტემის Mosaic-ისა და თანამედროვე ენდოდონტიური მოწყობილობის, Genius-ის შესაძლებლობებზე წარმოდგენილი პრეზენტაციები. პირველი მათგანი ბოლო თაობის კომპოზიციური საბჟენი მასალაა როგორც ფრონტალური, ისე საღეჭი კბილების რესტავრირებაში. მეორე კი, კბილის ფესვთა არხების რეციპროკულ-როტაციული დამუშავებისთვისაა შექმნილი. ამ გზით მომზადებული არხები Ultradent-ის საირიგაციო სისტემებთან ერთად, წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობის პირობაა.

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი მარინა მამალაძე დაესწრო, კიოლნში გამართულ საერთაშორისო სტომატოლოგიურ გამოფენას, რომელშიც მრავალი სტომატოლოგიური კორპორაცია მონაწილეობდა. თითოეული მათგანი თავიანთ სტენდებზე ვორქშოფებსა და დემონსტრაციებს აწყობდა, რომელთაგან აღსანიშნავია კომპანიების: Dentsply, VDW, Dur-Dental, 3-Shape-ის პრეზენტაციები.

ღონისძიებაზე პროფესორი მარინა მამალაძე შეხვდა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე დაიგეგმა მიმდინარე წელს თსსუ-ში სხვადასხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის მაისში, კომპანია  KaVo-ს  სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტი და სემინარები, ასევე კომპანია VDW კონფერენცია, ხოლო კორპორაცია Micerium spa რესტავრაციული სტომატოლოგიის მიღწევებს ქართველ სტომატოლოგებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე  გააცნობს.