პროფესორ  ნუგზარ ტატიშვილის ხსოვნის საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის ხსოვნის საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2018 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა გამოჩენილი ქართველი თერაპევტის და მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის დაბადებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელიც გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. მან ისაუბრა პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის განუზომელ ღვაწლსა და პიროვნულ ღირსებებზე, იმ განსაკუთრებულ თვისებებზე, რომლითაც ბატონი ნუგზარი ყველასგან გამორჩეულ, პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებად დარჩა თანამედროვეთა მეხსიერებაში: „ის იყო ევროპეიზმის განსახიერება. მისი სისუფთავე, გულწრფელობა, დახვეწილობა უაღრესად გამოირჩეოდა საბჭოთა ეპოქაში,  ბატონი ნუგზარი თავისი ზნეობით იყო არისტოკრატული ინტელიგენციის წარმომადგენელი. მოწაფეებს უსაზღვროდ უყვარდათ. მეც მისი მოწაფე ვარ და ძალიან ვამაყობ ამით“ _ აღნიშნა პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის ცხოვრებაზე  ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ნარსიამ: „დიდია ნუგზარ ტატიშვილის წვლილი საქართველოში მედიცინის ისეთი დარგების განვითარებაში, როგორებიცაა კლინიკური იმუნოლოგია (ათეროსკლეროზის განვითარების იმუნური მექანიზმები), კარდიოლოგია (გულის იშემიური დაავადების და გულის ქრონიკული უკმარისობის პათოგენეზის მოლეკულური მექანიზმები). მან საქართველოში პირველად გამოიყენა და დანერგა გულის ღრუების და ფილტვის არტერიის კათეტერიზაციის მეთოდები გულის უკმარისობის დიაგნოსტიკისა და რაციონალური თერაპიის წარმართვისთვის. აკადემიკოსი ნუგზარ ტატიშვილი იყო 200 სამეცნიერო შრომის (მათ შორის 8 მონოგრაფიის და 2 სახელმძღვანელოს) ავტორი. სახელმძღვანელო „შინაგანი სნეულებები“, რომლის შექმნისთვის იგი დაჯილდოებული იყო წმინდა ილარიონ ქართველის პრემიით, სამაგიდო წიგნად იქცა სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 22 საკანდიდატო დისერტაცია“...

აუდიტორიას მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა, გაიანე სიმონიამ. მან გაიხსენა ის დღე, როცა პირველად ნახა პროფესორი ნუგზარ ტატიშვილი. რა დიდი იყო მისი გაოცება, როცა აღმოაჩინა, რომ საბჭოთა სამყაროში არსებობდა პროფესორი, რომელიც თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებდა და თავისი ცხოვრების წესით ნამდვილად თავისუფალი პიროვნება გახლდათ: მოკლებული იყო ქედმაღლობას და ამავდროულად იყო უაღრესად შრომისმოყვარე, საოცრად კეთილგანწყობილი თანამშრომლების და სტუდენტების მიმართ, ფლობდა 5 უცხოურ ენას და 65 წლის ასაკში დაიწყო ახალი ენის შესწავლა, შესანიშნავად თამაშობდა ჩოგბურთს, ხატავდა, პროფესიულ დონეზე ასრულებდა საფორტეპიანო ნაწამოებებს, არ იყო საკუთარი მღწევებისა და მდგომარეობის „ტყვე“ - პირიქით, მისი უკიდეგანო თავისუფლება და მაღალი ღირსება  ნამდვილი მაგალითი იყო ყველასთვის - მაგალითი გაიშვიათებული ზნეობრიობისა და სულიერი სიმაღლისა.

პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის შესახებ ისაუბრეს პროფესორებმა: რამაზ ხეცურიანმა, ბესარიონ კილასონიამ, გურამ ბექაიამ, ყარამან ფაღავამ, ელგუჯა ადამიამ.

თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ბატონმა ჯონი ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის მაგალითზე მიხვდა რას ნიშნავდა სიტყვათშეთანხმება _ დახვეწილი არისტოკრატი...

საღამოზე ბევრი თბილი სიტყვა ითქვა პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის ოჯახზე, მის მეუღლეზე _ ქეთევან ანჯაფარიძეზე, მათ უსაზღვრო სიყვარულზე. აუდიტორიის წინაშე გამოვიდა პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის ქალიშვილი მაკა ტატიშვილი, რომელმაც მადლიერებით ისაუბრა თავის წინაპრებსა და მამაზე - საამაყო და სანიმუშო პიროვნებაზე...

საღამოს ერთგვარი შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ქალბატონმა ქეთევან ანჯაფარიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას,  კანცლერს,  პროფესორ  ზურაბ  ორჯონიკიძეს,  ყველა გამომსვლელს და ერთი არაორდინალური წინადადებითაც მიმართა მსმენელებს: მადლობა მინდა გადავცე ჩემს მეუღლეს _ ნუგზარ ტატიშვილს, მადლობა ყველაფრისთვის!

საღამო დასრულდა ტელეკომპანია „პულსის“ მიერ გადაღებული, რეჟისორ თინათინ დაბრუნდაშვილის ემოციური და გემოვნებიანი ფილმის ჩვენებით, რომელიც პროფესორი ნუგზარ ტატიშვილის ცხოვრებას ეხება.