2021 წლის 22 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსმა, პროფესორმა რუდოლფ კორინთერბერგმა (Rudolf Korinthenberg) თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ვირტუალური ლექცია თემაზე- „ნეონატალური პერიოდის ნევროლოგიური დაავადებები“.
ლექცია, 2019 წელს ბერლინში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაციას (DGKJ) შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
გერმანიის პედიატრთა და მოზარდთა მედიცინის ასოციაცია (The German Society for Paediatrics and Youth DGKJ) პროფესიული საზოგადოებაა, რომელიც სადღეისოდ 17 000 მაღალი რანგის სპეციალისტს აერთიანებს. ასოციაცია, გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, 2020 წლიდან ახორციელებს ერთობლივ პროექტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან ერთად. პროექტის მიზანია გერმანელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება და პედიატრიული სამსახურის განვითარება; ექიმთა, რეზიდენტთა, სტუდენტთა და საზოგადოდ, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. პროექტი ითვალისწინებს წამყვანი გერმანელი სპეციალისტების ვიზიტს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და განახორციელებენ კლინიკურ აქტივობას.
შემდეგი ლექცია დაგეგმილია 29 მარტს 12:00სთ-ზე, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წაიკითხავს ბავშვთა რევმატოლოგი, პროფესორი ნორბერტ ვაგნერი თემაზე „ბავშთა ასაკის რევმატოლოგიური დაავადებები“.