2024 წლის 19-22 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მიწვევით იმყოფებოდა ბოსტონში, მასაჩუსეტსი (აშშ), სადაც მონაწილეობა მიიღო პოლიციის უფროსთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციასა და გამოფენაში.
თსსუ-ის პროფესორმა ღონისძიებაზე წარადგინა მოხსენება საქართველოში სასამართლო ექთნების განათლების სისტემის კონცეფციის შესახებ.
პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მიერ ინიცირებული პროგრამის - ,,სქესობრივი ძალადობა საექთნო ექსპერტიზა“ (SANE) საქართველოში დანერგვის თანამონაწილე. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ბიუროს მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებაში, მათ შორის, კოლორადოში 2022 წელს გამართულ სასწავლო ვიზიტში და 2023 წელს არიზონაში სასამართლო საექთნო საქმის მეცნიერებისა და პრაქტიკის შესახებ (IAFN) ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში. პროფესორმა რუსუდან ბერიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, იგი გახლდათ თანამომხსენებელი პრეზენტაციების სესიაზე: „სასამართლო საექთნო საქმისა და სქესობრივი ძალადობის საექთნო ექსპერტიზის დანერგვის საერთაშორისო გამოცდილება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის მიზნით“. ვიზიტის ბოლოს დაიგეგმა საქართველოში სასამართლო ექთნების განათლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი გზები.