პროფესორ ულრიხ მარტინის ლექცია მომავლის მედიცინაზე

პროფესორ ულრიხ მარტინის ლექცია მომავლის მედიცინაზე

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, სტუდენტებისთვის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოწინავე სამეცნიერო წრეების ყველა მიღწევა გახდეს ცნობილი. ამ კურსის შედეგია ისიც, რომ გერმანიის ქალაქ ჰანოვერის სამედიცინო სკოლისა და ლაიბნიცის ბიოტექნოლოგიის და ხელოვნური ორგანოების კვლევითი ლაბორატორიის წარმომადგენელმა, პროფესორმა ულრიხ მარტინმა ლექცია წაუკითხა თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის II  კურსის სტუდენტებს. ლექციის თემა გახლდათ ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენება გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების შემთხვევაში. როგორც პროფესორმა ულრიხ მარტინმა თქვა, დღეს მსოფლიოში აქტიურად წარმოებს კვლევები ღეროვანი უჯრედების მიმართულებით.

 

2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა შინია იამანაკამ  შეიმუშავა მეთოდი, რომლის მიხედვით,  ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების შესაქმნელად გამოიყენება საწყის უჯრედებში ოთხი გენის შეყვანა ვირუსული ინფექციის მეშვეობით. ამ გენებს გადააქვთ ინფორმაცია, რომელიც იმდენად ცვლის უჯრედის განვითარების პროგრამას, რომ ისინი ღეროვან უჯრედებად გარდაიქმნება. ეს და სხვა უახლესი კვლევები გახლდათ თემატიკა, რომელმაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექცია არა მარტო სტუდენტებისთვის იყო საინტერესო, არამედ პროფესიონალებისთვისაც. როგორც მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ აღნიშნა, ზრდასრულთა ორგანიზმიდან მიღებული ღეროვანი უჯრედების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მედიცინაში. ის, რაზეც პროფესორი ულრიხ მარტინი საუბრობს, ძალიან საინტერესოა. სწორედ ეს გახლავთ მომავლის მედიცინა.