პროფესორ ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

პროფესორ ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

პრევენციული მედიცინის განვითარების, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით, პროფესორ ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა. ასოციაცია საზოგადოებას კონფერენციის - „პრევენცია ქმედებაში: რეკომენდაციებიდან რეალურ ცვლილებამდე“ - ფარგლებში წარუდგინეს.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ესწრებოდა. რექტორი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა და ყურადღება გაამახვილა პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით სამეცნიერო და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობაზე.

კონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, თბილისის მერიისა და ეროვნული სკრინინგცენტრის წარმომადგენლები, აგრეთვე სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით მოღვაწე ექიმები.

კონფერენციის მიზანს პრევენციული მედიცინის აქტუალური საკითხების განხილვა, სკრინინგული პროგრამების ხელმისაწვდომობისა და დაავადებათა ადრეული გამოვლენის შესაძლებლობების შეფასება წარმოადგენდა.

პროფესორი ვახტანგ ყიფიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი და პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. იგი გამორჩეული მეცნიერი და პედაგოგი გახლდათ. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო და პროფესიული მოღვაწეობა, ადამიანებზე ზრუნვა და ახალგაზრდა კოლეგებისთვის ცოდნის გაზიარება მის პროფესიულ საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მის სახელზე დაფუძნებული ასოციაცია პროფესორის სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობის გაგრძელებისა და პრევენციული მედიცინის განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება.

შეხვედრა 2026 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. მონაწილეებმა, ასევე განიხილეს ახლად დაფუძნებული ასოციაციის სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მისი განვითარების პერსპექტივები.