პროფესორ ვახტანგ ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

პროფესორ ვახტანგ ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

 
   

30 ნოემბერს , თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით,  პათოფიზიოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტმა, უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორისა და პათოფიზიოლოოგიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა.

უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად საღამოს ესწრებოდნენ ვახტანგ ყიფიანიას კოლეგები, სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

საღამოზე გაიხსენეს პროფესორის ღვაწლი სამეცნიერო საქმიანობასა და უნივერსიტეტის განვითარებაში. თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ ხაზი გაუსვა პროფესორ ყიფიანის განსაკუთრებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობას:

„მოგეხსენებათ, იმ წლებში სამეცნიერო საქმიანობის წარმართვა რთული იყო, თუმცა იგი ამ საქმეს საუკეთესოდ უძღვებოდა. მას განსაკუთრებული ქარიზმა და ინტელექტი გააჩნდა და გარშემომყოფთათვის სითბოს ასხივებდა. მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არასდროს დაშორებია.“

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე, პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნატალია პავლიაშვილი, ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ხეცურიანი და სხვ.

ვახტანგ ყიფიანის პროფესიულ მოღვაწეობასთან ერთად, გამომსვლელებმა დიდი სიყვარულითა და იუმორით გაიხსენეს ვახტანგთან ერთად გატარებული ცხოვრებისეული ისტორიები. აღინიშნა, რომ - პროფესორი დაჯილდოვებული იყო განსაკუთრებული იუმორის გრძნობით, პიროვნული თვისებებით და ნიჭიერებით  - გარდა სამედიცინო საქმიანობისა პროფესორი გატაცებული იყო პოეზიით, რომელიც ისეთივე წარმატებით გამოსდიოდა, როგორც სამედიცინო საქმიანობა.

ვახტანგ ყიფიანის შვილმა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ნანა ყიფიანმა დიდი მადლობა გადაუხადა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას საღამოს ორგანიზებისთვის.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო სიყვარულის დღე ვახტანგის მიმართ - საღამოს ლაიტმოტივად გასდევდა - გვიყვარხარ, ვახტანგ, გვიყვარხარ, გვიყვარხარ!

,,პულსი" ჩვენს შესახებ