პროფესორ ზურაბ კაციტაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს

პროფესორ ზურაბ კაციტაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს

 

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ ზურაბ კაციტაძეს 90 წლის იუბილე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

პროფესორ ზურაბ კაციტაძეს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან განსაკუთრებულად აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რომელიც ამაგდარ პროფესორს მედიკოსთა არაერთი თაობის აღზრდაში მიუძღვის:

 „სიმაყით და სიხარულით აღვნიშნავთ, რომ თქვენი  ხანგრძლივი სიცოცხლე და მადლიანი საქმიანობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის ღირსეული ფურცელია. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის მედიკოსთა, სტომატოლოგთა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტთა, ფარმაცევტთა და სხვათა არაერთი ათეული თაობის წარმომადგენელთა პროფესიულ ბიოგრაფიაში  უდავო და გამორჩეულია. ნახევარსაუკუნოვანი აკადემიური კარიერის ყველა საფეხური -  ასისტენტიდან კათედრის გამგემდე, დღეს კი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემდე – თქვენ ჩვენს უნივერსიტეტში, ადამიანის ანატომიის კათედრაზე  განვლეთ.  იმედიანად ვიყავით და ვართ, როცა თქვენ გვეგულებით გვერდით... არ ყოფილა აზრი, რჩევა თუ წინადადება,  თქვენგან მიღებული, სასიკეთო რომ არ ყოფილიყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურისა თუ სტუდენტებისათვის, რადგან ის ყოველთვის უნივერსიტეტის  და პროფესიის სიყვარულითა იყო ნაკარნახები, შეჯერებული მრავალწლიან პედაგოგიურ, სამეცნიერო და საორგანიზაციო მუშაობის გამოცდილებასთან“... 

90  წლის იუბილესთან დაკავშირებით პროფესორ ზურაბ კაციტაძეს, ასევე, გადასცეს ადრესი, რომელშიც  გულწრფელი სიყვარულითა და მადლიერებით კიდევ ერთხელ აღინიშნა მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კურსდამთავრებულთა არაერთი თაობის წინაშე.

პროფესორმა ზურაბ კაციტაძემ დიდი მადლობა მოახსენა აუდიტორიას და მშობლიურ უნივერსიტეტს სიყვარულისა და ამაგის დაფასებისთვის.