პროფესორი თინათინ ჩიქოვანი ალერგიის მსოფლიო კონფერენციაზე

პროფესორი თინათინ ჩიქოვანი ალერგიის მსოფლიო კონფერენციაზე

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დაპარტამენტის პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თინათინ ჩიქოვანი   2016 წლის 5–9 დეკემბერს იმყოფებოდა მივლინებით  ქალაქ იერუსალიმში ( ისრაელი), სადაც   მონაწილეობა მიიღო  „ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის“  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა 6 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო „ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის“  განათლების კომიტეტის მუშაობაში. სხდომაზე განხილულ იქნა სამი ძირითადი საკითხი:  ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის კითხვარის შედგენა,  2017 წელს ალერგიის მსოფლიო კვირისთვის ვებინარის თემის შერჩევა (თემად შეირჩა – ურტიკარია), ონლაინ განათლება: საჭიროებს თუ არა განახლებას ბაზისური იმუნოლოგიის მოდულები (www.pathlms.com|wao|courses ). სხდომას თავმჯდომარეობდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე პაულ გრინბერგერი (აშშ).

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანმა მეცნიერებმა. პროგრამები შედგებოდა პლენარული სხდომების, სექციებისა და სიმპოზიუმებისგან.

კონფერენციის მსვლელობისას პროფესორი  თინათინ ჩიქოვანი შეხვდა  ნეგევის (ისრაელი) ბენ–გურიონის უნივერსიტეტის პროფესორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს ელი მაგენს. ელი მაგენის ინიციატივით  შედგა თინათინ ჩიქოვანის სამუშაო შეხვედრა ბარზილაის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, დოქტორ ელიაზ მილერთან.

ბატონმა ელიაზმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელშეკრულება დაიდოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებსა და ბარზილაის სამედიცინო ცენტრს შორის, რაც ხელს შეუწყობს   თსსუ–სა და ბენ–გურიონის უნივერსიტეტებს შორის უკვე არსებული ურთიერთობის გაღრმავებას.  ხელშეკრულების ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ სპეციალიზაცია გაიარონ აშკელონში, ბარზილაის სამედიცინო ცენტრში.