პროგრამების - ზამთრისა და ზაფხულის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია

პროგრამების - ზამთრისა და ზაფხულის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია

2014 წლის 16 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2013–2014 სასწავლო წლებში განხორციელებული ინტენსიური საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების, ზამთრისა და ზაფხულის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც იყო წარდგენილი. ჩვენი პროექტი – ზამთრის სკოლა „სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის პრინციპები“ იმთავითვე მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო თსსუ–ის, არამედ ქუთაისის, ბათუმის და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებიც. პროფესორები  აშშ–დან  პოლონეთიდან და საბერძნეთიდან.

შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო  საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე,ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე, პროფესორ–მასწავლებლები, თემების ხელმძღვანელები.

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სამინისტროს საზაფხულო და ზამთრის სკოლების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     

 

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

პრემიერის შეფასებით, ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე.

„სწორედ ამიტომაც არის განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში დაეხმარება. ჩვენი მთავრობა ძალას არ იშურებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ყველა პირობა შევუქმნათ განვითარებისა და ცოდნის რეალიზებისთვის. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს.

     

 

აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. მან აღნიშნა, რომ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მხარს უჭერს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზამთრისა და ზაფხულის სკოლების პროექტს. ეს პროექტი იძლევა  ინტერნაციონალიზაციის საშუალებას, ინტერნაციონალიზაცია კი სამედიცინო  უნივერსიტეტისთვის, და საერთოდ, სამედიცინო განათლებისთვის ერთ–ერთი პრიორიტეტია. ბატონმა პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა უნდა მოდიოდეს  უნივერსიტეტებისგან, მათი რექტორებისგან. ცხადია, ასეა... ჩვენთან 37 ქვეყნიდან 1900–ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ეს ციფრი იზრდება, რადგან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საინტერესოა მათთვის. ჩვენ არა მარტო ზამთრისა და ზაფხულის  სკოლებში, არამედ მთელი წლის მანძილზე ვართ ორიენტირებულები იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენელი პროფესორი მოვიწვიოთ,  ორი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 220 პროფესორი გვყავდა მოწვეული აშშ–ს, კანადის, ისრაელის, ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან. ეს იყო კარგი არა მარტო საგანმანათლებლო თვალსაზრისით, არამედ ქართული ჯანდაცვისთვისაც. ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საექიმო პრაქტიკის უფლება მათთვის. მათ ჩაატარეს 300–ზე მეტი კონსულტაცია და 100 მეტი ურთულესი ოპერაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი სტუდენტები, რეზიდენტები, პროფესორები...  ამ პროგრამას სამედიცინო განათლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, ამის შედეგი თვალნათელი იქნება. ეს აისახება განათლების დონეზე ჩვენს ქვეყანაში”...

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა სამინისტროს მიერ ინიცირებულ „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროექტის“  შესახებ, აღნიშნა, რომ  ამ პროექტის მიზანია, კონკურსის წესით დაფინანსდეს სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი პროექტები მეცნიერულად აქტუალურ და რელევანტურ თემებზე. მინისტრმა აუდიტორიას გააცნო, რომ მიმდინარე სასწავლო წელს შემდეგი პროექტები დაფინანსდა: "შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში",  "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები", “ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში“ , ,,კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებაში'',  ,,სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები'',  ,,რელიგიის კლასიკური კრიტიკიდან რელიგიის თავისუფლების იდეამდე'', ,,ალტერნატიული ენერგიის წყაროების გეოფიზიკური შეფასება'', ,,სწავლის ინოვაციური ორიენტირები'' . როგორც ვხედავთ, თემები აქტუალურია და თითოეულ მათგანს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

თსსუ–ის პროფესორმა თამარ სანიკიძემ აუდიტორიას წარუდგინა ზამთრის სკოლის წევრები. მათი წარდგენილი საკონფერენციო თემა უაღრესად რეზონანსული იყო.   ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის ყოველწლიურად განხორციელებას გეგმავს.