,,ქართულ-ინდური ოფთალმოლოგიის დღე საქართველოში“

,,ქართულ-ინდური ოფთალმოლოგიის დღე საქართველოში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  უცხოელ სტუდენტთა შორის  ბევრი ინდოელი სტუდენტი იღებს განათლებას. ცნობილია, რომ ბოლო ათწლეულში ძალიან დიდი მიღწევები და წარმატებები აღინიშნება ინდურ ოფთალმოლოგიაში, კერძოდ ოფთალმოქირურგიაში. შესაბამისად, გაჩნდა აზრი, რომ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის ინიციატივით, ჩატარებულიყო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია „ქართულ-ინდური ოფთალმოლოგიის დღე“, რაც ხელს შეუწყობდა ამ ორ ქვეყანას შორის შემდგომი სამედიცინო ურთიერთობების განვითარებას.

კონფერენციის ორგანიზება ითავა საერთაშორისო ოფთალმოლოგიურმა კომპანიამ „Appasamy” და მისმა ექსკლუზიურმა დისტრიბუტორმა საქართველოში “Clear Vision LLC”. მათი თანადგომით, 2017 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამოვიდა ოფთალმოლოგიის სამი საერთაშორისო დონის პროფესორი ოფთალმოქირურგი ინდოეთიდან.

კონფერენცია გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა და თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი. მათ აუდიტორიას წარუდგინეს ინდოეთიდან მოწვეული მსოფლიო ოფთალმოლოგიაში ცნობილი და აღიარებული სტუმრები. 

კონფერენციაზე, რომელსაც თსსუ-ის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის  წევრები (100–ზე მეტი ოფთალმოლოგი), წარმოდგენილი იყო თვალის ქირურგიის სხვადასხვა ასპექტები. მოხსენებები წაიკითხეს ინდოელმა პროფესორებმა: ინდოეთის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნატარაჯან სუნდარამიმ (მუმბაიდან), არულმოჟი ვარმანიმ (ჩენაიდან) და პანირ სელვამიმ (ეროდედან). საქართველოს მხრიდან მოხსენებები წარადგინეს: თსსუ-ის პროფესორმა მერაბ დვალმა, მედიცინის დოქტორმა გიორგი პეტრიაშვილმა და ექიმმა ნიკოლოზ ლაბაურმა. კონფერენციის მიმდინარეობისას, მაღალი დონის მოხსენებებისა და საინტერესო დისკუსიის ფონზე, განიხილეს თანამედროვე ოფთალმოქირურგიის აქტუალური საკითხები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მოწვეული ინდოელი პროფესორები საკუთარ კლინიკებში აქტიურად იღებენ საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდა ექიმებს, უზრუნველყოფენ დახელოვნებას და მათთვის ქირურგიული უნარ-ჩვევების სწავლებას.

მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება, განხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი და ღონისძიება.­