ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმის გახსნა

ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმის გახსნა

2018 წლის 25 ნოემბერს 14:00 საათზე ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი გაიხსნა.

გახსნა დაკავშირებულია მუზეუმის 50 წლისთავთან და ასევე ამავე მუზეუმის პირველი დირექტორის, პროფესორ მიხეილ შენგელიას 100 წლისთავთან. 

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ბაზას წარმოადგენს.

მუზეუმი განახლდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

განახლებული მუზეუმის გახსნას დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. მისი თქმით, სამინისტროს ხედვა მუზეუმთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ ეს იქნება სივრცე, რომელიც მოიზიდავს როგორც მედიცინის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, ასევე სტუდენტებს, მკვლევრებს, ისტორიკოსებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ახალი პროექტები. 

გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა.

ბატონმა ზაზამ ისაუბრა მუზეუმის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ განახლებული მუზეუმის მესვეურები არიან თსსუ-ის პროფესორები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, მუზეუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. აქ მათ ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები. გარდა ამისა, მუზეუმი იქნება მძლავრი პლატფორმა სამეცნიერო პროექტებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის გახსნის ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ანსამბლმა.

იხილეთ სიახლე შემდეგი საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე:

 Interpressnews

 Primetime

 GHN