ქართული სამედიცინო მეცნიერება საერთაშორისო ასპარეზზე – მაკა გეგენავას წარმატებული ვიზიტი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში

ქართული სამედიცინო მეცნიერება საერთაშორისო ასპარეზზე – მაკა გეგენავას წარმატებული ვიზიტი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში

სამეცნიერო პროექტების განხორციელების და კლინიკური პრაქტიკის გაღრმავების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა №2 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მაკა გეგენავა 2024 წლის 1 სექტემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის (UCSF) კარდიოლოგიის დეპარტამენტში.

აშშ-ში ყოფნის პერიოდში მაკა გეგენავამ შეისწავლა სხვადასხვა ექოკარდიოგრაფიული პარამეტრი, მათ შორის, დოპლერ ექოკარდიოგრაფიით გამოვლენილი პულმონარული ჰიპერტენზიის მაჩვენებლების ცვლილებები ობსტრუქციული კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ახალ პრეპარატს – მიოზინის ინჰიბიტორს.

„ვიზიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, მემუშავა UCSF-ის კარდიომიოპათიის გუნდთან ერთად და გამეცნო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ამ მიმართულებით. აქტიურად ვიყავი ჩართული სამეცნიერო პროექტებში, რეგულარულად ვმონაწილეობდი პაციენტების გასინჯვაში ჩემს ხელმძღვანელთან ერთად. ასევე, ვესწრებოდი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს და ვმონაწილეობდი სამეცნიერო გუნდის საქმიანობაში. ჩემი ხელმძღვანელის, პროფესორ თ. აბრაჰამის შეფასებით, ვიზიტი UCSF-ში წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო აღმოჩნდა“, – აღნიშნა ასისტენტ-პროფესორმა მაკა გეგენავამ.