„ქეთო და კოტე“ მონაკოს თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა

„ქეთო და კოტე“ მონაკოს თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა

   
   

თსსუ-ის თეატრ „ჰიგიას“ დასი გამარჯვებული დაბრუნდა მონაკოდან, სადაც საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში იღებდა მონაწილეობას.  ეს გახლდათ მეტად საინტერესო და პრესტიჟული თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ თეატრალური დასები 40 ქვეყნიდან (ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, რუსეთი, ირლანდია, შოტლანდია, აფრიკის ქვეყნები, უკრაინა, მონაკო და ა. შ.). ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო სპექტაკლი, მათ შორის – „ჰიგიას“  მიერ წარმოდგენილი  „ქეთო და კოტე“. 

თეატრ „ჰიგიას“  რეჟისორმა, თსსუ-ის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნათია გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ: „ეს იყო ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. კმაყოფილები და აღფრთოვანებულები ვართ შთაბეჭდილებებით და, რაღა თქმა უნდა,  – შედეგით.

ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს აფასებდა  კომპეტენტური ჟიური ცნობილი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, მსახიობების მონაწილეობით. ამა თუ იმ სპექტაკლის შემდეგ ისინი ღიად გამოხატავდნენ სათქმელს, გამოთქვამდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს და მართლაც გასაოცარია, რომ ჩვენი მისამართით შენიშვნები არ გამოთქმულა.

ჯერ კიდევ ფესტივალზე გამგზავრებამდე ვიცოდით, რომ არ იქნებოდა ტრადიციული I,  II.  III  ადგილები, რის შესახებ  ფესტივალის გახსნაზეც აღინიშნა, თუმცა, ასევე ვიცოდით, რომ დასახელდებოდა სამი საუკეთესო სპექტაკლი და უაღრესად სასიხარულო იყო, რომ ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე საუკეთესო სპექტაკლად  „ქეთო  და კოტეც“ გამოცხადდა“.

 თეატრის რეჟისორი მადლობას უხდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, კერძოდ, თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და კანცლერს, პროფესორზურაბ ორჯონიკიძეს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა დასის მონაკოში გამგზავრება.