‘’რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტის გამოყენება საქართველოში’’ - ამ სახელწოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2025 წლის მარტში ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2023 წელს რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული სიტუაციური ანალიზის შედეგებს ასახავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯანმომ საქართველოში რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობის ანალიზი ჩაატარა.
52 გვერდიანი ანგარიში აერთიანებს იმ პრაქტიკას, რაც საქართველომ რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით დააგროვა.
დოკუმენტში ასახულია ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ჯანმოს მიერ შემუშავებული რეაბილიტაციური სერვისის პაკეტების დასანერგავად და ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ქვეყანაში პირველი რეაბილიტაციური მომსახურების პაკეტის შემუშავების პროცესში გადადგა. ასევე, ანგარიში დემონსტრირებას ახდენს თუ როგორ გამოიყენებოდა რეაბილიტაციური სერვისის პაკეტები პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის დროსაც.
ჯანმოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ რეაბილიტაციური სერვისის პაკეტების გამოყენებისას როგორ უნდა მოხდეს ბენეფიციარების პრიორიტეტიზაცია, რა კრიტერიუმები უნდა იქნას გამოყენებული და ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ეტაპობრივი მიდგომა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ პრიორიტეტების განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავებისთვის გადადგა.
ჯანმო აღნიშნავს, რომ საქართველო მუდმივად განაგრძობს მიღებულ შედეგებთან ადაპტირებას და მომსახურების პაკეტების დახვეწას, მათ შორის სერვისებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რეაბილიტაციური სერვისების პაკეტის დანერგვიდან ცხრა თვის შემდეგ CIF-მა ჩაატარა შეფასება. შეფასების მიზანი იყო მომსახურების პაკეტის მიწოდების შედეგებისა და განხორციელების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა. ჯანმო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციური სერვისების პაკეტის მიწოდების გამოცდილებამ დაადასტურა მომსახურების პაკეტის საჭიროება და მისი უპირატესობა.
შეფასებამ აჩვენა, რომ რეაბილიტაციური სერვისების პაკეტმა გააუმჯობესა რეაბილიტაციის შედეგები და პაციენტების კმაყოფილებაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეაბილიტაციისა და ინტეგრირებული სერვისის პაკეტის შემუშავების, დანერგვის და ამ პროცესში ჯანმოს ‘’რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტის’’ გამოყენებაში.
(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ‘’რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტი’’ (PIR) ერთ-ერთი ტექნიკური პროდუქტია, რომელიც WHO Rehabilitation 2030 ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა. მისი მიზანია რეაბილიტაციური სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ‘’რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტი’’ 2021 წელს შეიმუშავა.)
ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან, კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკიდან, საერთაშორისო ფონდიდან ‘’კურაციო’’, ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერების აქსელერატორიდან, სარეაბილიტაციო ცენტრიდან BAU International Hospital.
ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ანგარიში მომზადდა - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას იმ პროფესიონალებმა მიაწოდეს, რომლებიც რეაბილიტაციის სფეროში მუშაობენ და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი პროფესორი ირაკლი ნატროშვილია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი და კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.
ირაკლი ნატროშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი:
‘’ჯანმოს ანგარიში კიდევ ერთი ბიძგია, რომ სარეაბილიტაციო მომსახურება მომავალში აქტიურად განვითარდეს საქართველოში. დღეს სახელმწიფო უკვე აფინასებს ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას, ასევე თავის და ზურგის ტვინის ტრავმების შემდგომი მდგომარეობების რეაბილიტაციას. თუმცა, სხვა მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციური მკურნალობა. მაგ: მენჯ-ბარძაყის სახსრის პროტეზირების შემდგომი რეაბილიტაცია. ბევრი ოპერაცია კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ რეაბილიტაციის კუთხით სიცარიელეა.
ჯანმოს კვლევა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოში ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამის განხორცილება დაიწყო. ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა 1996 წლიდან არსებობს. მისი მიწოდება წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ხდებოდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი პროვაიდერიც გვყავს.
თუმცა, რაც შეეხება ზრდასრულთა რეაბილიტაციურ პროგრამას, ეს პროგრამა 2022 წლამდე საერთოდ არ არსებობდა საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამის სახით ზრდასრულთა რეაბილიტაციური სერვისები საერთოდ არ ხორცილდებოდა.
2019 წელს, როდესაც ჯანმოს ექსპერტები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, მაშინ კენ ვოლკერის კლინიკა მშენებლობის პროცესში იყო. ბევრი ინტერვიუერი ჰყავდათ. მაგრამ ზრდასრულთა რეაბილიტაციაზე ფაქტობრივად მაშინ არავინ მუშაობდა, ჩემი და ჩემი გუნდის გარდა, ამიტომაც მთავარი აქცენტი ჩვენზე გაკეთდა.
კლინიკა 2020 წლის ივნისში გავხსენით. სწორედ ამ დღიდან შეიქმნა ადგილი, სადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო სარეაბილიტაციო პროგრამა. სახელმწიფომაც დაინახა, რომ უკვე არსებობს რეაბილიტაციური პროგრამების სერვისების განვითარების რესურსი და მართლაც, 2 წელიც არ დასჭირდა ამას - სახელმწიფომ შექმნა ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამა. ეს არის ძალიან კარგი, ინტენსიური პროგრამა, სადაც სწრაფად ხორციელდება ბენეფიციარის ჩართვა. ასეთი ინტენსივობის პროგრამით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.
სახელმწიფო პროგრამის შექმნის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაიზარდა რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობა. ადამიანებს გაუჩნდათ შესაძლებლობა ჩაიტარონ სრულფასოვანი, კარგად ორგანიზებული მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო მკურნალობა.
ამ პროგრამამ ჯიბიდან გადახდაც მნიშვნელოვნად შეამცირა. არის პაციენტების კატეგორია, ვისთვისაც რეაბილიტაციური მკურნალობა 100 პროცენტით ფინანსდება, ნაწილის 90, 80 და 70 პროცენტით. ყველაზე მინიმალური სახელმწიფოს მხრიდან 70 პროცენტის დაფარვაა.
რეაბილიტაცია არ არის იაფი სერვისი, ეს საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა. ამის გათვალისწინებით, მკურნალობის მხოლოდ 30 პროცენტი რომ აქვს გადასახდელი პაციენტს და თან ასეთი ინტენსიური მკურნალობის დროს, ეს ძალიან დიდი შეღავათია პაციენტისთვის და ამიტომაც დღეს, ძალიან დიდი მოთხოვნაა ფაქტობრივად ყველა სერვისზე, რაც არის მუტლიდისციპლინურ მიდგომაში გათვალისწინებული - დაწყებული ფიზიკური რეაბილიტაციის კომპონენტიდან და დასრულებული ნეიროფსიქოლოგიური დახმარებით.
ძალიან კარგი კოლაბორაცია და დროში და სივრცეში საინტერესო დამთხვევა მოხდა. კერძო ინვესტორმა დააფინანსა, ააშენა ასეთი კარგი კლინიკა, განათლების კომპონენტი დააფინანსა USAID-მა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული თსსუ, კოალიცია ‘’დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის’’, ასოციაცია ‘’პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის’’ და ატლანტის ემორის უნივერსიტეტი. სიცარიელე, რაც აფერხებდა სახელმწიფო პროგრამის შექმნას, ამოივსო. აშენდა კლინიკა/შეიქმნა ინფრასტრუქტურა, მომზადდნენ სპეციალისტები და სახელმწიფომაც მაშინვე შექმნა პროგრამა. ეს კოლაბორაციის ძალიან კარგი მაგალითია, რამაც კარგი პროდუქტი მოგვცა. ‘’