რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

   
   

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი (რიზე, თურქეთი) სამედიცინო ფაკულტეტის, სასწრაფო დახმარების მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ოზლემ ბილირი, ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორი  გოქხან ერსუნანი  და საბუნებისმეტყველო და ლიტერატურის ფაკულტეტის  ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ხელმძღვანელი,

ასოცირებული პროფესორი ჰარუნ ჩიმქე.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე,  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და მისი მოადგილეები: ირინა კაპეტივაძე და ნინო აფციაური, თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ირაკლი კოხრეიძე, ამავე კლინიკის გადაუდებელი მედიცინის  მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი–რეანიმატოლოგი გიორგი ბერიაშვილი, თსსუ–ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სასწრაფო–გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი–რეანიმატოლოგი  ფიქრია ლურსმანაშვილი  და თსსუ–ის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის მიმართულების,  ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გულნარა ქილიფთარი.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ უნივერსიტეტს რამდენიმე წელია, საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდეს  რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი „გადაუდებელი დახმარების სიმპოზიუმი“. ამავე სახელწოდების სიმპოზიუმები  უკვე ჩატარდა აზერბაიჯანში, ბოსნიაში, მონღოლეთში, საუდის არაბეთში და სხვა ქვეყნებში. სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევიან სამედიცინო გადაუდებელი დახმარების პრაქტიკოსი სპეციალისტები და მაღალი დონის მეცნიერები.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თსსუ–ის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ამ სიმპოზიუმის მოწყობას და უნივერსიტეტებს შორის მომავალ თანამშრომლობას.