რუმინეთის ელჩი საქართველოში, ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი სტუმრად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

რუმინეთის ელჩი საქართველოში, ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი სტუმრად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 4 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რადუ-ლივიუ ჰორუმბა,  ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის (რუმინეთი) რექტორი, პროფესორი ლეონარდ აზამფირეი და ვიცე-რექტორი, პროფესორი ანჟელა ბორდა.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია.

პროფესორმა ლეონარდ აზამფირეიმ მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გულითადი მიღებისთვის. აღნიშნა, რომ მან და პროფესორმა ანჟელა ბორდამ დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ასევე, თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტი, პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორია და ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია, რასაც მაღალი  შეფასება მისცეს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პროექტ ERASMUS+ -ის ფარგლებში წარმატებით თანამშრომლობს  ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტთან და ცხადია, მისასალმებელია რომ უნივერსიტეტებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და მოტივაცია გაჩნდა, რაც ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავების და განხორციელების საინტერესო პერსპექტივას აჩენს როგორც აკადემიურ, ისე კვლევით და კლინიკურ სფეროებში.

რუმინელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს რექტორებმა: პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და პროფესორმა ლეონარდ აზამფირეიმ.

რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ - რადუ-ლივიუ ჰორუმბამ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია ამ უნივერსიტეტების მეგობრობა და თანამშრომლობის გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. „მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მარტივად და კომფორტულად შეძლონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა რუმინეთში ჩასვლა ცოდნის მისაღებად და გასაზიარებლად, ასევე, გამარტივებული იქნება საქართველოში ჩამოსვლა ტირგუ-მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა ორივე მხარეს დიდ წარმატებას მოუტანს“, - განაცხადა მისმა აღმატებულებამ, ბატონმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ.

შეხვედრის დასასრულს ქართულმა და რუმინულმა მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს.