2024 წლის 22 სექტემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო, ქართულ-ავსტრიული პროგრამის მეშვიდე სემესტრის სტუდენტმა, ნინო შვანგირაძემ სტაჟირება გაიარა ვარშავის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში.
სტაჟირების ფარგლებში ის ესწრებოდა როგორც პრაქტიკულ, ასევე სალექციო კურსებს. აღნიშნულ პერიოდში მან მიიღო მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება, აქტიურად ურთიერთობდა ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, პრაქტიკოს ექთნებთან და სტუდენტებთან.
„ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გამეცნო უცხო ქვეყნის საექთნო განათლების სტრუქტურა, მიმეღო შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება და შემეძინა მეგობარები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. სტუდენტებს გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის როგორც პროფესიული, ისე კულტურული ღირებულებები.
ჰოსპიტალში გატარებულმა პერიოდმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მაღალკვალიფიციური ექთნები დაუღალავად მუშაობდნენ პაციენტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. მომავალში ვეცდები, გავაგრძელო თანამშრომლობა უცხოელ კოლეგებთან.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომლის მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა ჩემი მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში,“ – აღნიშნა ნინო შვანგირაძემ.