საერთაშორისო   ფესტივალის  “ნიღაბი  – 2014“  საზეიმო გახსნა

საერთაშორისო ფესტივალის “ნიღაბი – 2014“ საზეიმო გახსნა

2014 წლის  2 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა „თბილისის მოყვარულ სტუდენტურ  თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი – 2014“.

ფესტივალი „ნიღაბი“  დაარსდა 2012 წელს ჩამოყალიბებული „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ. წელს იგი უკვე მესამედ იმართება და მისი მასპინძელი,  ტრადიციულად  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.

„ფესტივალის მთავარი მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კომუნიკაციის, გამოცდილების გაზიარების  და მომავალი პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბების,  შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოების ხელშეწყობა, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტთა შემოქმედებითი აქტივობის გამდიდრება. აღსანიშნავია, რომ  წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ  სტუდენტური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, თურქეთიდან“

“ – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას“ რეჟისორმა, თსსუ–ის პროფესორმა, ნათია გუჯაბიძემ.

ფესტივალის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ფესტივალის კომპეტენტური ჟიური: ცნობილი რეჟისორები  გოგი თოდაძე და გოჩა კაპანაძე, მსახიობები: ნანული სარაჯიშვილი, ია სუხიტაშვილი და კახა მიქიაშვილი, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, თბილისის მერიის თეატრალური პროექტების მენეჯერი სოფიო სიხარულიძე.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ წარმომადგენლების მიერ   „ასოციაციის“ პირველ საპატიო წევრებად დასახელდნენ: რეჟისორი გოგი თოდაძე, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელსაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს  ფესტივალ „ნიღაბის“ თანადგომისათვის და მასპინძლობისთვის.

საზეიმო ცერემონიალი დამთავრდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო სპექტაკლით.

„თბილისის მოყვარულ სტუდენტურ  თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი – 2014“ საზეიმოდ დაიხურება 10 დეკემბერს, თიბისი გალერეაში, სადაც დაჯილდოვდებიან  ნომინაციებში გამარჯვებული სტუდენტები.