2018 წლის 11 - 13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში, ქალაქ სტამბულში იმყოფებოდა. ის დაესწრო რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენციას - „BREASTANBUL” - რომელიც მიეძღვნა ძუძუს კიბოს ქირურგიული, სისტემური და სხივური თერაპიის საკითხებს.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ძუძუს ონკოპლასტიკური, ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საკითხებს. ჩატარდა აქტიური დისკუსია პანელის ექსპერტებსა და მოწვეულ დამსწრე საზოგადოებას შორის. მეორე დღეს, კლინიკა „აჩიბადების“ ოფიციალური მიწვევით, ასოცირებული პროფესორი კლინიკის ერთ-ერთ ფილიალს ეწვია, შეხვდა მენეჯმენტის ადგილობრივ წარმომადგენლებს. მხარეებმა სამომავლო კოოპერაციის შესაძლებლობები განსაზღვრეს. კონფერენციის მესამე დღე დაეთმო სიმსივნის ბიოლოგიის, მკურნალობის შემდგომი გართულებების მართვისა და პრევენციის აქტუალურ საკითხებს.
"ვფიქრობ, აღნიშნული ტიპის შეხვედრები საფუძველს ჩაუყრის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მეზობელი წამყვანი ქვეყნების კლინიკებს შორის თანამშრომლობის პროცესს, რაც უდაოდ სასარგებლო გახდება ორივე მხარისათვის" - აღნიშნავს ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.