საერთაშორისო კონფერენცია ”ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - X”

საერთაშორისო კონფერენცია ”ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - X”

28  ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია ”ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - X” და მასთან შერწყმული პირველი ქართულ-ჩინური სიმპოზიუმი პედიატრიაში, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქსიანის (ჩინეთი) ჯიაოტონგის უნივერსიტეტის დელეგაციამ, პროფესორ ჯიაო ფუიონგის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია ”ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - X” და სიმპოზიუმი ქართველი და ჩინელი მედიკოსების პირველი ერთობლივი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მედიცინის დარგში სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას. 

კონფერენცია გახსნეს და საზოგადოებას მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი ჯიაო ფუიონგი და თსსუ-ის პედიატრიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ყარამან ფაღავა.

29 ოქტომბერს, სესია ჩატარდა ქალაქ ქუთაისში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ქართველი, ჩინელი, გერმანელი და ირანელი მედიკოსები, ასევე, მოხსენებების თანაავტორები იყვნენ შვეიცარიელი და ბელგიელი მეცნიერები. 
კონფერენცია განკუთვნილი იყო პედიატრების, ნეონატოლოგებისა და ოჯახის ექიმებისთვის და მასზე წარმოდგენილი იყო  ალერგოლოგიის, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თერაპიის, დერმატოლოგიის, ფსიქიატრიისა და სექსუალური განვითარების საკითხები. ასევე, ტრადიციული ჩინური მედიცინის გამოყენების ასპექტები.