საერთაშორისო პრაქტიკული სასწავლო კურსი VIPP 2026 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საერთაშორისო პრაქტიკული სასწავლო კურსი VIPP 2026 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მასშტაბურ საერთაშორისო პრაქტიკულ სასწავლო კურსს - VIPP 2026 (Venous Insufficiency Personal & Practical Course), რომელიც ვენური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს ეძღვნება.

კურსის მიზანია მონაწილეებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ვენური პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. პროგრამა აერთიანებს თეორიულ ლექციებს, კლინიკური შემთხვევების განხილვას, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის პრაქტიკულ სწავლებას, სკლეროთერაპიის თანამედროვე მეთოდების გაცნობას, ენდოვენური ჩარევების, სტენტირებისა და ემბოლიზაციის საკითხების განხილვას, კომპრესიული თერაპიის პრინციპებსა და „Hands-on“ პრაქტიკულ სესიებს.

ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობას სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე  მიმართა საქართველოს ვენური და  ლიმფური საზოგადოების დამფუძნებელმა ზაზა ლაზარაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ღონისძიების მხარდაჭერისა და მასპინძლობისთვის, ასევე საერთაშორისო სპიკერებს ჩამობრძანებისთვის და დამსწრე საზოგადოებას მონაწილეობისთვის. 

კურსს ესწრებოდნენ სისხლძარღვთა ქირურგები, ინტერვენციული რადიოლოგები, ანგიოლოგები, სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის ექიმები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და თემით დაინტერესებული სხვა პროფესიონალები.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში შემდეგ საკითხებზე: ქრონიკული ვენური დაავადების თანამედროვე მართვა; სკლეროთერაპიის ტექნიკა და მისი გამოყენების ჩვენებები; ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; მენჯის ვენური პათოლოგიების დიაგნოსტიკა; მენჯის ვენების დუპლექსური ულტრაბგერითი კვლევა; ვენური ემბოლიზაციის ტექნიკური ასპექტები; კომპრესიული თერაპიის ფუნდამენტური პრინციპები. 

კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კლინიკური შემთხვევების განხილვასა და პრაქტიკულ სამუშაო სესიებს, რომლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ რეალური კლინიკური პროცესების განხილვაში.

VIPP 2026 წარმოადგენს საერთაშორისო, ორდღიანი პრაქტიკული სასწავლო კურსების სერიას, რომელიც ვენური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს ეძღვნება და 2026 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

კურსი უკვე გაიმართა გუანჯოუში (ჩინეთი, 27–29 მარტი), ბერლინში (გერმანია, 9–10 აპრილი) და ანკარაში (თურქეთი, 19–20 ივნისი), ხოლო 2026 წლის 22–23 ივნისს მას თბილისმა (საქართველო) უმასპინძლა.

კურსის შემდგომი ეტაპები დაგეგმილია ვენაში (ავსტრია, 28–29 აგვისტო), ტაიპეიში (ტაივანი, 3–4 სექტემბერი), ვარშავაში (პოლონეთი, 25–26 სექტემბერი), გრანადაში (ესპანეთი, 22–24 ოქტომბერი) და რომში (იტალია, 30 ნოემბერი – 1 დეკემბერი). VIPP 2026-ის დასკვნითი ღონისძიება უკავშირდება საერთაშორისო ფორუმს Le.Gathering, რომელიც 2026 წლის 17–19 დეკემბერს ნაირობიში (კენია) გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი VIPP 2026-ის ერთ-ერთ საერთაშორისო მასპინძელ ინსტიტუციად შეირჩა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარების და გლობალური აკადემიური თანამშრომლობის პროცესში.

თბილისში VIPP 2026-ის ჩატარება ორგანიზებული იყო საქართველოს ვენური და ლიმფური საზოგადოების მიერ.