თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ფარმაცია — მიღწევები და გამოწვევები“.
ღონისძიება, რომელიც ორი დღის განლავლობაში (29-30 ნოემბერი) მიმდინარეობდა, მიეძღვნა ქართული ფარმაციის გამორჩეულ მოღვაწეს — სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწის, გამომგონებლის, მედიკოსის, პედაგოგს, საზოგადო მოღვაწის, მედიკო-ბიოლოგიური და სოციალური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის, დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის სახელოვანი მოღვაწეობა აერთიანებს 68 წლიან სამეცნიერო-პედაგოგიურ, 10 წლიან ადმინისტრაციულ და 60 წლიან საზოგადოებრივ საქმიანობას. პროფესორმა ბიძინა ჭუმბურიძემ საფუძველი ჩაუყარა მეცნიერული კვლევის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ქრომატოგრაფიული ანალიზის მეთოდების შემუშავება; ნარკოლოგიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი; სამკურნალო პრეპარატების ფარმაკოკინეტიკური კვლევა; სამკურნალო პრეპარატების სტანდარტიზაცია და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმაც. ინსტიტუტის დირექტორმა მახლაზ გეთიამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები ბიოაქტიური ბუნებრივი ნაერთების სტანდარტიზაციაში“, ასევე იყო პლენარული სესიის მოდერატორი. კონფერენციის ფარგლებში, ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა პოსტერული პრეზენტაციები წარადგინეს სხვადასხვა თემაზე.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს არამხოლოდ ქართული საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლებმა, არამედ უცხოელმა სტუმრებმაც. საინტერესო იყო კონფერენციის თემატიკაც, რომელიც ისეთ აქტუალურ მიმართულებებსა და თემებს მოიცავდა, როგორიცაა: კლინიკური ფარმაცია, ბუნებრივი რესურსების კვლევა მედიცინაში გამოყენების მიზნით, სამკურნალო საშუალებების შექმნა და სტანდარტიზაცია, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი, ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება და სხვა.