თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით 4-6 ივლისს რიგით II საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა 150-მდე სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც 3 დღის განმავლობაში ზეპირი და პოსტერული მოხსენებები გააკეთეს.
კონფერენციის მთავარი თემა იყო “21-ე საუკუნის გამოწვევები სამედიცინო სფეროში”. ახალგაზრდა მკვლევარებმა კვლები მედიცინის სფეროს თითქმის ყველა მიმართულებით წარმოადგინეს.
კონფერენციის მიზანი სტუდენტებში მეცნიერებისადმი ინტერესის ამაღლება და კვლევითი უნარების განვითარება იყო.
თსსუ-ის ქართული და საერთაშორისო ფაკულტეტების სტუდენტების გარდა, კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად სომხეთიდან ორგანიზაცია BIL Armenia-ს დელეგაციაც ჩამოვიდა. BIL Armenia სომხეთის მასშტაბით სამედიცინო სფეროს ყველა მიმართულების სტუდენტს აერთიანებს.
კონფერენციის ბოლოს საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციისა და BIL Armenia-ს პრეზიდენტებმა 5-წლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ურთიერთანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო აქტივობების განხორციელებასა და გამოცდილების გაცვლას ითვალისწინებს.