საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია: “კლინიკური რადიოლოგია და რადიაციული დაცვის თანამედროვე პრობლემატიკა”

საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია: “კლინიკური რადიოლოგია და რადიაციული დაცვის თანამედროვე პრობლემატიკა”

2022 წლის 25-27 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო კონფერენცია: “კლინიკური რადიოლოგია და რადიაციული დაცვის თანამედროვე პრობლემატიკა”, რომელიც მიხეილ გედევანიშვილის დაბადების 160 წელსა და საქართველოში რენტგენოლოგიური კვლევების დაწყების 125 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვისას ხაზი გაუსვა  ღონისძიების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის სამეცნიერო-სასწავლო კონფერენციები კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს სამედიცინო განათლებას და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ;  თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ოთარ ურუშაძემ.

სამი დღის განმავლობაში მიმდინარე სამეცნიერო-სასწავლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რადიოლოგებმა, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან (ხორვატია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ავსტრია). მათ წაიკითხეს ლექციები, ჩაატარეს მასტერკლასები, საკუთარი გამოცდილება და კვლევის შედეგები გაუზიარეს კოლეგებს. 

გარდა დარგის სპეციალისტებისა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები, ბიოფიზიკოსები, თსსუ-ის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და რეზიდენტები.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს  პარლამენტი; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს  რადიოლოგთა ასოციაცია; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო; თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა; საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაცია; საქართველოს სამედიცინო ფიზიკის ასოციაცია; ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ულტრაბგერის საზოგადოება.