საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ღვთის შვილთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის საქველმოქმედო აქცია თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ღვთის შვილთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის საქველმოქმედო აქცია თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2014 წლის 4 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ღვთის შვილთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი ჟილბერტ ჟულიენი, ფონდის ბორდის წევრი, ბატონი კელვინ პირსი,  საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ღვთის შვილთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობას დაქვემდებარებული წილკნისა და გალავნის ბავშვთა სახლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ლალი ცერცვაძე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლოჯისტიკის დარგში ქალბატონი ირმა ბარბაქაძე.

   

ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, წილკნისა და გალავნის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებმა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის სხვადასხვა სტაციონარულ განყოფილებაში მყოფ ქართველ და უცხოელ პაციენტებს  საახალწლო ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს.

     

„აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება ის უმთავრესი ღირებულებაა, რაც ადამიანში ბავშობიდანვე უნდა ჩაინერგოს. ჩვენი აქციაც სწორედ ამას ემსახურება, რომ წილკნისა და გალავნის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები აქტიურად იყვნენ ჩართული მსგავსი ხასიათის აქტივობებში“ – განაცხადეს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ღვთის შვილთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა.

საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლია ძიძიგურმა და კლინიკის ფინანსურმა დირექტორმა ლაშა აბესაძემ, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ჰუმანიტარული აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კლინიკაში ამ მეტად მნიშვნელოვანი აქციის განხორციელებისთვის.

„ყოველი ბავშვის ჯანმრთელობა და მათთვის დადებითი განწყობილების შენარჩუნება  ჩვენი კლინიკის მთავარი ამოცანაა, თითოეული მოზარდისთვის სიხარულის მინიჭება  კი - ჩვენი მთავარი ღირებულება. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ღვთის შვილთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობას, ბავშვთა სახლის ხელმძღვანელებს, წილკნისა და გალავნის ბავშვთა სახლების თითოეულ აღსაზრდელს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც მათ კლინიკაში მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ გამოიჩინეს“ – ხაზგასმით აღნიშნა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლია ძიძიგურმა.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის და საერთო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული აქციების განხორციელების სურვილი.