საერთაშორისო სატელიტ-სიმპოზიუმი ,,სამედიცინო განათლების“ შესახებ

საერთაშორისო სატელიტ-სიმპოზიუმი ,,სამედიცინო განათლების“ შესახებ

2012 წლის 10-11 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სატელიტ-სიმპოზიუმი ,,სამედიცინო განათლების“ შესახებ. სიმპოზიუმი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ღია სამედიცინო ინსტიტუტის (OMI), ამერიკულ-ავსტრიული ფონდის (AAF), ვეილის კორნელის სამედიცინო კოლეჯის, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს და ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით. 
აღსანიშნავია, რომ ღია სამედიცინო ინსტიტუტი (OMI) სხვადასხვა ქვეყნების ექიმებისთვის აწყობს სამედიცინო სემინარებს, რომლებიც ტარდება ზალცბურგში, ავსტრია. აღნიშნული სემინარების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პროგრამის ფარგლებში მოგზაურობენ მონაწილეთა მშობლიურ ქვეყნებში და ატარებენ სატელიტ-სიმპოზიუმებს. აღნიშნული სატელიტ-სიმპოზიუმების ორგანიზება ხორციელდება იმ ექიმების მიერ, რომლებიც დაესწრნენ სემინარებს ზალცბურგში. ზალცბურგის სემინარის მონაწილეების, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელთა (ირმა მანჯავიძისა და ია ავალიანის) ინიციატივითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ზურაბ ვადაჭკორიას მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სატელიტ-სიმპოზიუმის ჩატარება თბილისში.

სიმპოზიუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს სახელით სატელიტ სიმპოზიუმის დამსწრე საზოგადოებას მიმართა ზალცბურგის სამედიცინო სემინარების კოორდინატორმა ნატო ფიცხელაურმა.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ დარგის ცნობილი სპეციალისტები: ექსპერტი, პროფესორი შტეფან ლუდვიგი, ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალის უფროსი ექიმი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის სამედიცინო სკოლის პედიატრიის პროფესორი და ამერიკულ–ავსტრიული ფონდის (AAF) სამედიცინო პროგრამების დირექტორი, ბატონი ვოლფგანგ აულიტცკი. მათ წაიკითხეს ლექციები სამედიცინო განათლების საკითხებზე:“სწავლების მთავარი სტრატეგიები სამედიცინო განათლებაში“, „კარგი მასწავლებლის მახასიათებლები“, „სიმულატორების და სტანდარტიზებული პაციენტის გამოყენება“, ,,გამოკითხვისა და შეფასების ძირეული პრინციპები სამედიცინო განათლებაში“, „ინდივიდური და ინსტიტუციური მენტორინგის პრინციპების დანერგვის პერსპექტივები სამედიცინო განათლების წარმატებით განხორციელებისათვის“.

ამიერკავკასიის მასშტაბით, პირველ სატელიტ–სიმპოზიუმის მუშაობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლელების გარდა მონაწილეობა მიიღეს ერევნისა და ბაქოს სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლობითმა დელეგაციებმა.

ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა მიხეილ ნარიმანიანმა და აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა , ბატონმა ისმაილ აფანდიევმა გააკეთეს მოხსენებები სამედიცინო განათლების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სატელიტ სიმპოზიუმის მიმდინარეობის პერიოდში საერთაშორისო ექსპერტებმა და სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ კლინკური უნარ-ჩვევების ცენტრი, გივი ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკა და შ.პ.ს. ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“.

საერთაშორისო სიმპოზიუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებები წაიკითხეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა: თსსუ–ის სამედიცინო განათლების , კვლევების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გაიანე სიმონიამ –„ინოვაციები სამედიცინო განათლებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“, თსსუ–ის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, ირმა მანჯავიძემ –„კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის როლი სამედიცინო განათლებაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“, თსსუ–ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, კახაბერ ჭელიძემ–„პორთფოლიო –სტუდენტთა შეფასების მეთოდი“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის აკადემიურ პერსონალს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, საშუალება ჰქონდა ემსჯელა სასწავლო პროგრამების შესახებ, განევითარებინა სამედიცინო სწავლების სტარტეგიები სტუდენტთა მობილობის პროცესის გაადვილებისა და სამედიცინო განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისათვის.

სიმპოზიუმის დასასრულს ღია სამედიცინო ინსტიტუტს და ამერიკულ-ავსტრიულ ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი.