საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ ვენაში

საერთაშორისო სიმპოზიუმი ქალაქ ვენაში

2017 წლის 10–11  ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დეა ვადაჭკორია  და სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ – პროფესორი, ეკატერინე ბეშკენაძე იმყოფებოდნენ  ქალაქ ვენაში (ავსტრია), სადაც მონაწილეობა მიიღეს  საერთაშორისო სიმპოზიუმში  „Competence in Esthetics 2017".  სიმპოზიუმზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ღიმილის ციფრული დიზაინი, CAD|CAM სტომატოლოგია და იმპლანტოლოგიის საკითხები.

სიმპოზიუმის პროგრამა და თემატიკა იყო ძალიან საინტერესო, რადგან  ერთი მხრივ, სიმპოზიუმზე თავი მოიყარეს ესთეტიკური სტომატოლოგიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებმა და ბრწყინვალე სპიკერებმა, მეორე მხრივ, კი გაშუქდა დღევანდელ ორთოპედიულ სტომატოლოგიაში განსაკუთრებით აქტუალური  საკითხები,  როგორიცაა  „ექიმისა და კბილის ტექნიკოსის სინქრონული მუშაობის პრობლემების გადაწყვეტა“,  „რთული კლინიკური შემთხვევების ინტერდისციპლინური ხედვები“  და „ციფრული სტომატოლოგიის განვითარების პერსპექტივები“.

სიმპოზიუმის ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო უმსხვილესი სტომატოლოგიური კორპორაცია  „Ivoclar Vivadent”, რომლის მასალებისა და პროდუქციის ფართოდ გამოყენება ხდება ასოცირებული პროფესორის დეა ვადაჭკორიას და ასისტენტ–პროფესორის  ეკატერინე ბეშკენაძის  ყოველდღიურ პრაქტიკაში და მათ მიერ გამოცდილების გაზიარება კოლეგებისა და სტუდენტებისათვის.

სიმპოზიუმზე პროფესორებმა  პეტრა გიერტმიულერმა, ირენა  საილერმა, მარკო ჯაკოვაკიმ და დოქტორმა სტეფენ ქოუბიმ წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები თანამედროვე კერამიკული მასებით სახის ესთეტიკის გაუმჯობესების ექსკლუზიური მეთოდებისა და მიდგომების,  კბილთა ესთეტიკური რესტავრაციის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების, იმპლანტებზე მორგებული ორთოპედიული კონსტრუქციებისა და ციფრული სტომატოლოგიის გამოწვევების შესახებ.

სიმპოზიუმზე მიღებულ შეხედულებებსა და ინფორმაციებს ასოცირებული პროფესორი დეა  ვადაჭკორია და ასისტენტ–პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე  გააცნობენ  დეპარტამენტის წევრებს და შეძლებისდაგვარად ასახავენ  სასწავლო სილაბუსებში.

ასოცირებულ პროფესორს  დეა ვადაჭკორიას და ასისტენტ–პროფესორს  ეკატერინე ბეშკენაძეს  გადაეცათ  სიმპოზიუმში მონაწილეობის სერტიფიკატები.