საერთაშორისო სკოლა-სემინარი და კონფერენცია სომხეთში

საერთაშორისო სკოლა-სემინარი და კონფერენცია სომხეთში

2016 წლის 2-5 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია: თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე, ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე და მოწვეული პედაგოგი ქეთევან მურჯიკნელი, პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის მიმართულების, კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი  შალვა (დავით) ზარნაძე და დოქტორანტი ლია გუმბარიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში, ქალაქ წახკაძორში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და  მ. ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით და სომხეთის განათლების სამინისტროს მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის მხარდაჭერით  ორგანიზებულ ერთობლივ საერთაშორისო სკოლა-სემინარში და კონფერენციაში.  სკოლა-სემინარის ორგანიზაციული კომიტეტის შემადგენლობაში სომეხ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ, ასოცირებული პროფესორები: ირინე ზარნაძე და შალვა ზარნაძე, ასევე მაგისტრი ერნა პოღოსოვა.

სკოლა-სემინარი და კონფერენცია მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: ,,სამედიცინო კომუნიკაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ და ,,ახალგაზრდა მკვლევარის შესაძლებლობების  განვითარება და შრომითი ბაზარი“.

სკოლა-სემინარზე წაკითხული იქნა ლექცია, ქართული მხრიდან ასოცირებული პროფესორის ირინე ზარნაძის მიერ „ადამიანური რესურსების მართვის შესახებ“. ასევე, წარდგენილ  იქნა ორი პრეზენტაცია ქეთევან მურჯიკნელისა და ლია გუმბარიძის მიერ.

სომხეთის მხარემ ასევე წარმოადგინა ლექციები და პრეზენტაციები.

სემინარმა შეაჯამა მუშაობა და დასახა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

ღონისძიების დასასრულს, სკოლა-სემინარის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.