თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით და ინიციატივით რუსთაველის გამზირზე, სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით - ,,იცოდე მეტი გრიპის შესახებ“. აქციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო ინსტრუქციები და რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას - როგორ უნდა ამოიცნოთ, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა აიცილოთ თავიდან გრიპის ვირუსი და ვინ მიეკუთვნება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს.
აქციაზე თსსუ-ის სტუდენტების მიერ დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, გრიპის ვირუსის პრევენციისათვის საჭირო ძირითადი თავდაცვითი საშუალებები, პირბადეები და სადეზინფექციო ხელის დასაბანი ხსნარები.
„გარდა სამედიცინო კადრების მომზადებისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოების განათლება ჯანმრთელობის მიმართულებით . ამ მისიის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს ატარებს აქციას სახელწოდებით "იცოდე მეტი გრიპის შესახებ". აღნიშნული აქცია ემსახურება ბოლო პერიოდში სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ ვნებათაღელვას. ვცდილობთ, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან - აღნიშნა თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ დიაკონიძემ.