საინფორმაციო დღე ევროკავშირის  კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „Horizon 2020“ საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით

საინფორმაციო დღე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „Horizon 2020“ საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით

2014  წლის 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო დღე ევროკავშირის  კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „Horizon 2020“ საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ღონისძიება, რომელიც  მოიცავდა კვლევების სამ სფეროს: ჯანდაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით და უნივერსიტეტის ორგანიზაციული მხარდაჭერით.

პლენარული სხდომა გახსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ჩიტაშვილმა. შეკრებილ სამეცნიერო საზოგადოებას და უცხოელ ექსპერტებს მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ოლივერ რაიზნერმა.

 ვრცელი მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი თამაზ მარსაგიშვილი, პოლონელი ექსპერტი - ეროვნული საკონტაქტო პირი ევროპული პროგრამებისთვის ქალბატონი კატარჟინა სობოტკა-დემიანოვსკა, საქართველოში ევროკავშირის პროგრამის “ERASMUS+” ოფისის კოორდინატორი, ქალბატონი ლიკა ღლონტი.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში  გაიმართა 2 პარალელური თემატური სხდომა: „ჯანდაცვა“ და „ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება“, რომლებზეც ძირითადი მოხსენებები წარმოადგინეს ფრანგმა ექსპერტმა, პასტერის ინსტიტუტის ევროპულ ურთიერთობათა კოორდინატორმა, ბატონმა დევიდ იტიერმა და ქალბატონმა კატარჟინა სობოტკა-დემიანოვსკამ. მოხსენებებით გამოვიდნენ  შესაბამისი დარგის ქართველი ექსპერტებიც.

 შემაჯამებელ სესიაზე გაიმართა დისკუსია ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა „Horizon 2020“-ში ჩართულობის გაფართოებასთან დაკავშირებით. აღინიშნა საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარების გააქტიურების აუცილებლობა. გამომსვლელებმა ისაუბრეს „Horizon 2020“-ის შესაძლებლობების ოპტიმალურ გამოყენებაზე საწარმოო და სამეცნიერო სექტორების თანამშრომლობის ინიციირების კონტექსტში. განიხილეს მოწინავე ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან პირდაპირი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები.