თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე — „როზაცეა — მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები. ლექცია წაიკითხა დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ.
ზაზა თელიას განმარტებით, როზაცეა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის და მისი მართვა მოითხოვს სწორი ინფორმაციის ფლობასა და ინდივიდუალურ მიდგომას.
„ადამიანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორად იცოდეს როგორ მოვუაროთ კანს როზაცეას დროს, რას უნდა მოვერიდოთ და რა ფაქტორები ამწვავებს დაავადებას,“ — აღნიშნა თელიამ.
ლექციის ფარგლებში დერმატოლოგმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: მოქმედებს თუ არა გენეტიკა როზაცეას განვითარებაზე; რა როლს თამაშობს გარემო ფაქტორები და ცხოვრების წესი; როგორ ხდება თანამედროვე სამედიცინო მიდგომებით როზაცეას დიაგნოსტირება და მართვა; როგორ შეიძლება პაციენტმა თვითონ შეამციროს გამწვავების რისკები.
დასასრულს, ზაზა თელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ როზაცეას მართვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ ამოცნობას და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებას.