სამშობიარო სახლის  „იმედის კლინიკის”  დირექტორს, ექიმ დავით კობეშავიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სამშობიარო სახლის „იმედის კლინიკის” დირექტორს, ექიმ დავით კობეშავიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

   
   

2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა აკადემიური საბჭოს წევრების წინაშე წარადგინა ინიციატივა – სამშობიარო „იმედის კლინიკის“ დირექტორის, ექიმ  დავით კობეშავიძისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კარგი ტრადიცია არსებობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე ვანიჭებთ საპატიო დოქტორის წოდებას. სწორედ ერთ–ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ სამშობიარო „იმედის კლინიკის“ დირექტორი, ექიმი დავით კობეშავიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ „იმედის კლინიკა“ წელს ათი წლის ხდება, აქვე მინდა მივულოცო პირადად ბატონ დავითს და მთელ კოლექტივს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მათ“ – აღნიშნა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა და აკადემიური საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ექიმ  დავით კობეშავიძეს წლების მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და ამაგისთვის უნივერსიტეტის წინაშე და ერთხმად მიანიჭეს  მას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

სამშობიარო „იმედის კლინიკა“ სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკაა 2005 წლიდან. კლინიკის თითოეული წევრი თავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი ოჯახის წევრად თვლის და გულწრფელად ამაყოფს ამით. ამასთან, ჩვენც, ჩვენის მხრივ, ყოველთვის ვგრძნობთ სოლიდარულ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას ურთიერთთანამშრომლობის 10 წლიანი ურთიერთობის მანძილზე. ყოველივე მაძლევს საფუძველს, როგორც „იმედის კლინიკის“ ხელმძღვანელმა, გავახმოვანო მისი კოლექტივის თითოეული წევრის სურვილი, რომ კლინიკა უფრო აქტიურად და მრავალმხრივი ფორმით ჩაერთოს უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიურ მზადებაში და გთავაზობთ შემდეგ ინიციატივებს:

  • 2015/16 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტზე დააწესებს „იმედის კლინიკის“ სახელობის სტიპენდიას.
  • „იმედის კლინიკა“ სთავაზობს მედიცინის ფაკულტეტს ოთხი (მეხუთე/მეექვსე კურსელი) წარჩინებული სტუდენტის დასაქმებას კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მორიგე ბრიგადაში და დაუნიშნოს შრომითი ანაზღაურება.
  • „იმედის კლინიკას“ აქვს წინადადება – მედიცინის ფაკულტეტის რეიტინგული, მაღალკურსელი სტუდენტებისგან ჩამოაყალიბოს „იმედის კლინიკის კლუბი,“ სადაც კლუბის წევრებს ექნებათ საშუალება აკადემიური პროცესისგან თავისუფალ დროს სრულად ჩაერთონ კლინიკის სამედიცინო საქმიანობაში.

ჩემთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, როგორც ჩემი Alma-mater-ის საპატიო დოქტორის წოდების მონიჭება უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“  – აღნიშნა, სამშობიარო „იმედის კლინიკის“ დირექტორმა დავით კობეშავიძემ.

აკადემიურ საბჭოზე დასახელდა ასევე  „იმედის კლინიკის“ პირველი სახელობითი სტიპენდიატი –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის V კურსის წარჩინებული სტუდენტი ნინო კვირტია.