თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების (MDLM) ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია ლაბორატორიულ მედიცინაში — „საერთაშორისო თანამშრომლობა ლაბორატორიული მედიცინის განვითარებისთვის“, რომელიც მიეძღვნა ლაბორატორიული მედიცინის ევროპის ფედერაციის (EFLM) პრეზიდენტის, ჩეხეთის სამედიცინო აკადემიის წევრისა და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორის, თომას ზიმას საქართველოში ვიზიტს.
კონფერენციის მიზანი იყო ლაბორატორიული მედიცინის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აკადემიურ-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას სამედიცინო განათლებისა და ლაბორატორიული მედიცინის განვითარების პროცესში.
კონფერენციის მონაწილეებს, ასევე მიმართა თსსუ-ის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების (MDLM) ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა ნინო გოგოხიამ, რომელმაც ისაუბრა დარგის განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე.
მთავარი მომხსენებელი, EFLM-ის პრეზიდენტი პროფესორი თომას ზიმა, რომელიც მრავალი წელია ლაბორატორიული მედიცინის სფეროში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, დამსწრე საზოგადოების წინაშე რამდენიმე აქტუალური მოხსენებით წარდგა. წარმოდგენილი თემები მოიცავდა ლაბორატორიული მედიცინის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, დარგის საგანმანათლებლო მნიშვნელობასა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციული და თანამედროვე ბიომარკერების გამოყენებას, სიმსივნური მარკერების როლს პერსონალიზებულ მედიცინაში, ასევე ლაბორატორიული ხარისხის მართვის სისტემებსა და ISO 15189:2022 სტანდარტის დანერგვის თანამედროვე გამოწვევებს.
კონფერენციის ფარგლებში მოხსენებით წარდგა ასევე კომპანია „დიასორინის“ კლინიკური და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი რონალდო პაოლუჩი (PhD). მისი მოხსენება შეეხებოდა ფეკალური კალპროტექტინისა და ელასტაზა-1-ის კლინიკურ მნიშვნელობას ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) და პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის (PEI) დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების პროცესში.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად განეხილათ ლაბორატორიული მედიცინის თანამედროვე გამოწვევები, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხები და დარგის განვითარების პერსპექტივები.
პროფესორ თომას ზიმას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსთან, ასოცირებულ პროფესორ თინათინ კილასონიასთან და თსსუ-ის რექტორის აპარატის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ ირინა კაპეტივაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.