სამედიცინო უნივერსიტეტში „სტუდენტთა 79–ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია“ ჩატარდა

სამედიცინო უნივერსიტეტში „სტუდენტთა 79–ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია“ ჩატარდა

   
   

2017 წლის 9 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებული „სტუდენტთა 79–ე სამეცნიერო კვლევითი კონფერენცია“, რომელეშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტები და რეზიდენტები.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა,  პროფესორმა   რიმა ბერიაშვილმა. მან დამსწრე სტუდენტებს აუხსნა  სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობა მათ პროფესიაში და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 15 მოხსენებითი და 1 პოსტერული ნაშრომი, ქართულ და ინგლისურ ენებზე.  

 სტუდენტთა ნაშრომებს შესაბამისი კრიტერიუმებით აფასებდნენ ჟიურის წევრები შემდეგი შემადგენლობით:  თსსუ–ის ფარმაკოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე,  თსსუ–ის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი ლუიზა გაბუნია,  თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე აბზიანიძე, თსსუ–ის მოლეკულური და სამედიცინო  გენეტიკის ასოცირებული პროფესორი, ექიმი–გენეტიკოსი ნინო ფირცხელანი.

კონფერენციის  მიმდინარეობისას წარმოიშვა მრავალი საინტერესო საკითხი, გაიმართა დისკუსია წარდგენილი კვლევების ირგვლივ მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოება შორის.

საბოლოოდ, კომპეტენტური ჟიურის  წევრების შეფასების მიხედვით გამოვლინდა 3 გამარჯვებული ორიგინალური კვლევა, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერტიფიკატებით.

ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციას,  სტუდენტურ თვითმმართლობას, მოწვეულ ჟიურის, მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას.