სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის იმუნოლოგიის მე-15 საერთაშორისო სკოლა საქართველოში

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის იმუნოლოგიის მე-15 საერთაშორისო სკოლა საქართველოში

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის იმუნოლოგიის მე-15 საერთაშორისო სკოლას წელს (SEEIS 2026) საქართველომ უმასპინძლა. საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევით, სკოლის ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა შეასრულა, რომელიც ღონისძიების ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში იყო. იმუნოლოგიის სკოლის საორგანიზციო ლოკალურ კომიტეტს თსსუ-დან ასევე წარმოადგენდნენ: თსსუ-ის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან მაჭავარიანი (ვიცე-პრეზიდენტი) და დოქტორანტი ლაშა ჭელიძე (დირექტორი).

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება ქობულეთში გაიმართა. შეხვედრა განკუთვნილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და ექიმებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან იმუნოლოგიის თანამედროვე მიღწევებითა და ამ მიღწევების პრაქტიკაში (პაციენტების მკურნალობის პროცესში) დანერგვით.

წლევანდელი შეხვედრა იმუნოლოგიის სფეროში ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

პროგრამა მოიცავდა კვლევების უახლეს შედეგებს, ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს ანთების, T და B უჯრედების ბიოლოგიის, იმუნოგენეტიკის, ალერგიისა და ინფექციების, აუტოიმუნიტეტისა და აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროში. 

სკოლაში მონაწილეობა მიიღეს 19 ქვეყნის წარმომადგენელმა. შეირჩა 60 აბსტრაქტი, მათ შორის 21 საქართველოდან.

ახალგაზრდა მკვლევრები დაესწრნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ლექციებს, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ვორქშოპებში და ფართო აუდირტორიის წინაშე, გრაფიკული აბსტრაქტების გამოყენებით, გააკეთეს მოხსენებები საკუთარი კვლევის შედეგებზე, უპასუხეს მეცნიერთა შეკითხვებს და მიიღეს რეკომენდაციები შემდგომი კვლევებისთვის. 

ლექტორთა შორის იყვნენ იმუნოლოგიის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: იმუნოლოგთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IUIS) პრეზიდენტი, პროფესორი რიტა კარსეტი; იმუნოლოგთა ასოციაციების ევროპის ფედერაციის (EFIS) პრეზიდენტი ბოიან პოლიკი და არჩეული პრეზიდენტი გუნურ დენიზი.

ცნობისთვის, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია (საკია), რომლის მმართველი საბჭოს წევრებიც არიან თსსუ-ის პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები, არის ევროპის იმუნოლოგთა ასოციაციების ფედერაციის (EFIS) წევრი. EFIS აერთიანებს ევროპის 36 იმუნოლოგიურ საზოგადოებას, მათ შორის საკიას.  EFIS ხელს უწყობს იმუნოლოგიურ კვლევებსა და განათლებას, რომლის ნაწილსაც ევროპული იმუნოლოგიის სკოლა წარმოადგენს.