2025 წელს საქართველო პირველად შეუერთდა ევროპის კლინიკური კვლევების ალიანსს (Ecraid) ინფექციური დაავადებების მიმართულებით. ამ თემაზე სამეცნიერო შეხვედრა 10-12 მარტს პორტუგალიის ქალაქ კაშკაიშში გაიმართა.
Ecraid-ის სამეცნიერო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო დარგის სპეციალისტების ჩართულობის გაზრდა და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება, შესაბამისად შეხვედრაზე განიხილეს Clostridium difficile ინფექციის მესამე ფაზის საცდელი კვლევის განხორციელების შესაძლებლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დიდბარიძე და თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ელენე პაჭკორია, რომელმაც, როგორც ალიანსის ახალმა წევრმა, მონაწილეებს გააცნო თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული კვლევითი შესაძლებლობები და გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს ქსელის პრიორიტეტულ კვლევებს ინფექციური დაავადებების მიმართულებით.
Clostridium difficile ინფექციის მესამე ფაზის კვლევა ხელს შეუწყობს შემდეგი სამეცნიერო ქსელების გაძლიერებას:
• ლაბორატორიული ქსელი – ინფექციური დაავადებების ლაბორატორიული კვლევების განვითარება;
• კლინიკური ქსელი – საავადმყოფოებში ინფექციური დაავადებების გამოწვევების გადაჭრა;
• PK/PD ქსელი – ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის კვლევების განვითარება თერაპიის ოპტიმიზაციისთვის;
• ეპიდემიოლოგიური ქსელი – ინფექციური დაავადებების გავრცელების მიზეზებისა და შედეგების შესწავლა პრევენციისა და კონტროლის სტრატეგიების გაუმჯობესებისთვის;
• სტატისტიკური ქსელი – მოწინავე მეთოდოლოგიური მხარდაჭერა მონაცემთა ანალიზისა და კვლევითი შედეგების გასაუმჯობესებლად.