საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილი  რექტორთა საბჭოს მე-7 სხდომა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილი რექტორთა საბჭოს მე-7 სხდომა

მიმდინარე წლის 15 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილ  რექტორთა საბჭოს მე-7 სხდომას უმასპინძლა.

დარბაზში შესვლამდე სხდომის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის, "ჰიგიას", წარმომადგენლებმა შესთავაზეს  პერფორმანსი სამედიცინო თემაზე, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.

სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თავმჯდომარეობდა და საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო სასწავლებლების რექტორები ესწრებოდნენ.

აუდიტორიას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რის შემდეგაც სხდომის წევრებს შესავალი სიტყვით მიმართა ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მან აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მადლობას იმსახურებს არა მარტო დღევანდელი მასპინძლობისთვის, არამედ იმ შრომისთვის, რასაც ათწლეულების მანძლილზე ეწეოდა ამ წარმატებული შედეგის მისაღებად. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისაბაძია მისი წინსვლა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია განვითარდეს და ლიდერის პოზიცია დაიკავოს რეგიონში, თუკი ამისი სურვილი ექნება. ეს რომ შესაძლებელია განხორციელდეს, ამისი მაგალითი ჩვენი მასპინძელი უნივერსიტეტია“, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მან, ასევე,  ყურადღება გაამახვილა უმაღლესი სასწავლებლების ფარგლებში პროფესიული პროგრამების განვითარების მნიშვნელობაზე.

სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები:

  • საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამა (მომხსენებელი ნინო ჭელიძე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი);
  • ინფორმაცია საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს (CCM) მუშაობის შესახებ (მომხსენებელი პროფესორი ხათუნა თოდაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი);
  • 2011-2012  წლებში აკრედიტებული პროგრამების განმეორებითი აკრედიტაციის ვადების განსაზღვრის საკითხი (პროგრამების განაწილება 2018-2022 წლებზე ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი დადგენილი მმიმართულებების მიხედვით) (მომხსენებელი ლაშა მარგიშვილი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი);
  • ავტორიზაციის გარეშე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების თაობაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების საკითხი (მომხსენებელი ლაშა მარგიშვილი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი);
  • აკადემიური პერსონალის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირების (მიკუთვნების) საკითხი (მომხსენებელი ლაშა მარგიშვილი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი);
  • ინიციატივა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების  შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებთან დაკავშირებით (მომხსენებელი გიორგი მათიაშვილი - შპს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი)
  • ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს მიერ მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარში სამაგისტრო პროგრამების შესახებ სპეციალური პირობების / დამატებითი ინფორმაციის შეტანის შეზღუდვების შესახებ (მომხსენებელი დავით ჩერქეზიშვილი - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი).