საქართველოს სამეცნიერო კვლავწარმოების ქსელის (GeoRN) სემინარი თსსუ-ში

საქართველოს სამეცნიერო კვლავწარმოების ქსელის (GeoRN) სემინარი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს სამეცნიერო კვლავწარმოების ქსელის (GeoRN) დაარსების ღონისძიებასა და სემინარს.

სამეცნიერო კვლავწარმოების ქსელი ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპის“ მიერ დაფინანსებული პროექტია, TIER2-ის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  და კავკასიის  საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად.

TIER2 ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევის შედეგების კვლავწარმოებას,  როგორც ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA), ასევე გლობალური კვლევებისა და ინოვაციების (R&I) სისტემაში.  მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა  შექმნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბაზა არსებული რეპროდუცირებადობის პრაქტიკის მასშტაბისა და ეფექტიანობის შესახებ. TIER2-ის კონსორციუმის წევრები არიან ისეთი წამყვანი უნივერსიტეტები, როგორიცაა ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), შარიტეს უნივერსიტეტი (გერმანია), ორჰუსის უნივერსიტეტი (დანია), ამსტერდამის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და სხვა.

პროექტი წარმოადგენს იმ ეროვნული ინიციატივის ოფიციალურ საწყისს, რომელიც საქართველოში სამეცნიერო კვლევის გამჭვირვალობის, სანდოობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

GeoRN-ის დაარსებით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს კვლევითი სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, აკადემიური ინსტიტუციების გაძლიერებისა და უფრო სანდო და გავლენიანი მეცნიერების განვითარების გზაზე. ქსელი მხარს დაუჭერს და წაახალისებს ახალგაზრდა მკვლევრებს, უზრუნველყოფს ტრენინგებს კვლავწარმოების პრაქტიკის შესახებ და დაეხმარება ქართულ ინსტიტუციებს, მიაღწიონ მეტ წარმატებას საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრაზე, ასევე, ოფიციალურად გაეშვა GeoRN-ის ვებგვერდი, რომელიც მომავალში რესურსების, ღონისძიებებისა და საზოგადოების ჩართულობის პლატფორმის როლს შეასრულებს.

ქსელი გააერთიანებს მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს, რომლებიც იზიარებენ საქართველოში კვლევის ხარისხისა და სანდოობის გაძლიერების საერთო მიზანს.

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა და მას ესწრებოდა  150-მდე  მონაწილე.