საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

1 თებერვალს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისი“ (Geocase) გუნდმა პროექტის "Bipartisan Academic Platform for National Unity" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა მოაწყო.

შეხვედრას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები.

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა, GSAC-ის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ და GSAC-ის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა,  ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ისაუბრეს პროექტისა და მის ფარგლებში შექმნილი „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მიზნებსა და მნიშვნელობაზე. 

შეხვედრის ბოლოს თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ხელი მოაწერეს ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე.

აღნიშნული პროექტის მიზანია, საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორის შექმნა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში. 

პროექტი იძლევა შესაძლებლობას საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი. 

ამ პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, სადაც განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.

ინიციატივა წარედგინა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მის მხარდასაჭერად მზაობა გამოხატეს. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“, რომლის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომელიც დეკლარაციის ტექსტში აისახა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.