სასამართლო ექიმთა VI საერთაშორისო კონფერენცია

სასამართლო ექიმთა VI საერთაშორისო კონფერენცია

2014 წლის 21 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  სასამართლო ექიმთა VI საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია გახსნა სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბესარიონ კილასონიამ. როგორც  მან მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა,  სასამართლო ექიმთა კონფერენციის სახით კარგი ტრადიცია დამკვიდრდა. მართლაც საამაყოა, რომ ეს დარგი იზრდება და იხვეწება.  საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა სასამართლო ექსპერტებზე.  სასიხარულო ფაქტია, რომ 17 ივნისს სასამართლო ექიმთა რიგებს ხუთი ახალი ექიმი–ექსპერტი შეემატა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლევან თვაური, თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა.

როგორც დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ამ დარგში იყო გარკვეული პრობლემები რეზიდენტურასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოიფხვრა: „სასიხარულოა, რომ 2014 წლის 13 ივლისს მივიღებთ ახალ აკრედიტაციას და ახალ კვოტებს, სადაც სამედიცინო სპეციალობების 54 დარგიან სიაში გამოყოფილი იქნება ცალკე დარგი – „სასამართლო მედიცინა“. ვეცდებით, კვოტა კიდევ უფრო გავზარდოთ, რადგან ამ დარგში დასაქმების პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, პირიქით – კადრების დეფიციტია“.

კონფერენციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, პროფესორმა რუსუდან ბერიაშვილმა აუდიტორიას გააცნო საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტის გია ლობჟანიძის წერილი, რომელიც მან სასამართლო ექიმთა VI საერთაშორისო კონფერენციას გამოუგზავნა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა უხუცესი სასამართლო ექსპერტი, პროფესორი რევაზ კაპანაძე.  მან მადლობა გადაუხადა სასამართლო ექიმთა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რამაც ხელი შეუწყო დარგის გამოცოცხლებას.

კონფერენციაში ქართველ მეცნიერთა გარდა მონაწილეობდნენ ყირგიზი და ტაჯიკი მეცნიერებიც.

კონფერენციაზე  წაიკითხეს საინტერესო თემები: „ძვლის მოტეხილობის სიცოცხლისდროინდელობა“ (მერი გონაშვილი), „სასამართლო ენტომოლოგია“ (ნინო ჩახიაძე), „სასამართლო ექსპერტიზა ყირგიზეთში“ (აინურა ასილბეკოვა, ელენა ხალიტოვა), „სასამართლო ექსპერტიზა ტაჯიკეთში“ (ფურკატ განიევი, ხურშედ სანგოვი), „ღვიძლის საექსპერტო შეფასება“ (ცირა გოგია), „თირკმლის საექსპერტო შეფასება“ (სოფიკო ტყებუჩავა), „ფილტვის  საექსპერტო შეფასება“ (სოფიო ვეკუა), „საშვილოსნოს ყელის საექსპერტო შეფასება“ (ვერიკო ალადაშვილი),  „გულის საექსპერტო შეფასება“ (თეა თაყნიაშვილი).

კონფერენციაზე დაისახა ახალი პერსპექტივები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მიმართულებით.

დადასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.