2024 წლის 20 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში, ეწვია სასარის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მობილობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლები: კარლა ურგეღე და ანჯელა მარონგიუ, ERASMUS პროექტის კოორდინატორი ანდრეა ლედა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი რუსუდან რუხაძე, რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია და ERASMUS+ -ის პროგრამის ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ნინო კანდელაკი.
შეხვედრაზე კარლა ურგეღემ წარმოადგინა პრეზენტაცია თანამშრომლობის 8 წლიანი გამოცდილების და მიღწეული შედეგების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასარის უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ERASMUS+ ის პროექტში თსსუ-ს თან ერთად მონაწილეობა. ქალბატონმა კარლა ურგეღემ, სასარის უნივერსტეტის ადმინისტრაციის სახელით, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
თსსუ-ში ვიზიტისას სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“, ადამიანის გენომისა და ეპიგენომის კვლევითი ცენტრი, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი და კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა.